თურქული საზოგადოების ძირითადი პრობლემები - Metropoll-ის გამოკითხვა
Interworld
ავტორიტეტულმა თურქულმა კვლევითმა ორგანიზაცია Metropoll-მა მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. აგვისტოს თვეში ჩატარებულ გამოკითხვაში ის 5 ძირითადი პრობლემა/საკითხია დასმული, რომელიც ადგილობრივ (თურქეთის) მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს.
I - გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ შემდეგ არჩევნებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოიგებს.
თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი კვლავ ყველაზე პოპულარული და ქარიზმატული პოლიტიკოსის სტატუსს ინარჩუნებს. გამოკითხულთა 14,5% თვლის, რომ შემდეგ არჩევნებზე ერდოღანი უპირობოდ გაიმარჯვებს, ხოლო 40,9% თვლის, რომ ის დიდი ალბათობით მოიგებს, რაც ჯამურად 55% შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ეს დამოკიდებულება არჩევნებამდე შენარჩუნდება, ახალი სისტემით ის მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი, კიდევ 5 წლით.
აღსანიშნავია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც - ერდოღანი ხელისუფლების სათავეში უკვე 18 წელია იმყოფება და იმის ილუზიაა შექმნილი, რომ იგი „დაუმარცხებელია“ და ის „ნებისმიერ შემთხვევაში“ მოიგებს არჩევნებს. ამას შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაც ემატება, სადაც პრეზიდენტი უკონკურენტოდ მოსჩანს. გამოკითხულთა 39% კი თვლის, რომ მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებს წააგებს.
II - საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო სცენარები (კანდიდატები).
იმის მიუხედავად, რომ ერდოღანი ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას და მის გუნდს საზოგადოებრივ ნდობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა აქვს. ამის ნათელი დადასტურება ადგილობრივი არჩევნები იყო, სადაც მმართველი გუნდი დიდ ქალაქებში დამარცხდა.
ქალაქ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ და დედაქალაქ ანკარას მერი მანსურ იავაში ადგილობრივ არჩევნებში ტრიუმფის შემდეგ კვლავ პოპულარულ ოპოზიციურ პოლიტიკოსებად რჩებიან.
თეორიულად, იმამოღლუსა ან იავაშის მთავარ კანდიდატებად დაყენების შემთხვევაში, მხარდაჭერა 43-43,5%-ზე იქნება, ხოლო ერდოღანის - 46%-ზე. აქ ნათლად ჩანს, რომ პროცენტულ მაჩვენებლებში დიდ სხვაობა არ არის და არჩევნების დროს კანდიდატები თითოეული ხმისთვის იბრძოლებენ. აქ ასევე მნიშვნელოვან როლს ე.წ. ალიანსების სისტემა შეასრულებს.
მერალ აქშენერის მიმართ ნდობა 38,3%-ს შეადგენს, რაც დადებითი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ აქშენერის პარტია სულ რამდენიმე წელია, რაც პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა. შედარებით დაბალი მაჩვენებლები მუარემ ინჯეს (32,2%) და აბდულა გიულს (22,5%) აქვთ.
თურქეთში ჩასატარებელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ 3 წელია დარჩენილი და თითოეულ კანდიდატს „დიდ შრომის გაწევა და პოტენციური ამომრჩევლის გულების მოგება მოუწევს“.
III - გამოკითხულთა 67% თვლის, რომ თურქეთმა „სტამბოლის კონვენცია“ არ უნდა დატოვოს.
მიმდინარე ზაფხულის პერიოდში ქალების მიმართ ბევრი ძალადობრივი აქტი განხორციელდა, რომელთა შორის იყო ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების ან მკვლელობის შემთხვევები და შესაბამისად წინა პლანზე წამოიწია „სტამბოლის კონვენციის“ აქტუალურობა. ამჟამად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა და მათი დაცვა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. Metropoll-ის მიერ გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ „სტამბოლის კონვენციის“ შესახებ ინფორმაციას ფლობს. აქვე 67% თვლის, რომ თურქეთმა კონვენცია არ უნდა დატოვოს, ხოლო 33% კი პირიქით დატოვების მომხრეა.
IV - გამოკითხულთა 63% თვლის, რომ მათი ცხოვრების დონე გაუარესდა.
კორონავირუსულმა პანდემიამ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და სხვა პრობლემებმა მძიმე ასახვა ჰპოვა თურქეთის ეკონომიკაზე.
დღესდღეობით $1 7,40 ლირას შეადგენს (ეს მაჩვენებელი ყოველდღე უარესდება). გამოკითხულთა 63,4% თვლის, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრების სტანდარტი გაუარესდა, ხოლო 9% პროცენტი თვლის, რომ გაუმჯობესდა.
V - გამოკითხულთა 75%-ს დოლარის კურსის ცვლილება აღელვებს
მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეროვნული ვალუტის გაუფასურება და დოლარის ზრდა აწუხებს. ეროვნულმა ვალუტა ამჟამად თავის ისტორიულ მინიმუმზეა.
მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ (AK) პარტიისა და მისი ლიდერის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ ამოცანას ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა წარმოადგენს. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა არ არსებობს, ამ დროს კი ეკონომიკის მინისტრი ბერათ ალბაირაქი სხვადასხვა განცხადებებითა და "ხუმრობებით" ცდილობს გვერდი აუაროს ხსენებულ საკითხს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლამდე თურქეთში რამდენიმე მეგა პროექტის განხორციელება იგეგმება, მაგრამ რამდენად გამოიყვანს ეს პროექტები ქვეყანას კრიზისიდან ჯერჯერობით უცნობია. საპრეზიდენტო და საპარალამენტო არჩევნებამდე კი 3 წელი დარჩა.
მომზადებულია ქამრან ოსმანლის მიერ.
#Turkey #Erdogan #community #poll #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა