"კოვიდყვავილნარი" სამეგრელოში
Zugdidi Daily
კორცხელის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, შორენა ღურწკაიამ მის ეზოში "კოვიდყვავილნარი" ააყვავა.
პედაგოგი ხელოვნებითაა გატაცებული. მცენარეებისადმი მისი უზომო სიყვარული კი სურვილს უჩენს სახლში უამრავი სახეობის ყვავილი ააყვავოს. მასწავლებელს სურვილი ჰქონდა, შეექმნა ისეთი გარემო, სადაც საღამოობით, შეძლებდა, მეგობრებთან ერთად, ყავის დალევას, საუბარს, კითხვას, მუსიკის მოსმენას და ეს “კოვიდყვავილნარიც” შეუქმნია.
“ერთი წელიც არ არის, რაც დავიწყე ეზოს გალამაზება, ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, რომ შესაფერისი ქვა მეპოვა, თუნდაც ერთი ცალი, რომ ნაოცნებარი დიზაინით შექმნილი მოზაიკა დამესრულებია. მინდოდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვედროდა ღია სივრცეში. ეს სურვილი, განსაკუთრებით, პანდემიის დროს გამიმძაფრდა და შესაძლებლობაც მომეცა მეტი დრო დამეთმო ჩემი ბაღისთვის."
ბაღის მოვლაში მას მისი ქალიშვილი ნინო ეხმარება
~ “…რომ არა ნინო, ვერ შევძლებდი ჩანაფიქრის განხორციელებას. მან ბეჯითად იშრომა ჩემთან ერთად. სულ ჩემს გვერდით ფუსფუსებს. ყველაფერს ხომ დრო და ხელის შევლება სჭირდება… ბევრი ყვავილი წელს დავრგეთ, ზოგი მე შევიძინე, ზოგიც მაჩუქეს. მცენარეები უკვე აყვავდნენ, გაიხარეს, დარწმუნებული ვარ, გაისად უკეთესები იქნებიან. მათ რომ ვუყურებ, შრომა არ მეზარება, თუმცა, შრომასთან ერთად, ამ საქმეს, დრო და ფინანსური რესურსიც სჭირდება.” - ამბობს შორენა ღურწკაია.
მათი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მათ შეძლეს ახალი იდეების განხორციელება.
#კორცხელი #ნაცატუ #სამეგრელო #კოვიდყვავილნარი #ბაღი #zugdididaily