საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაც დაამარცხა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და დაუმარცხებელი სერია გააგრძელა. ილიას ზუროსის გუნდმა შვეიცარიის ნაკრები 91-84 დაამარცხა, რომელმაც ორი დღის წინ სერბეთის ნაკრებს აჯობა.
პირველი სამი პერიოდი საქართველომ მოიგო და დასკვნითი მეოთხედის წინ 11-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. საფინალო სირენამდე 3.5 წუთით ადრე საქართველოს უპირატესობა მხოლოდ 4 ქულას შეადგენდა, მაგრამ შემდეგ თორნიკე შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა მოიპოვა. ამის მიუხედავად, ძალიან მოტივირებული შვეიცარია არ დანებდა და ბოლო წამამდე ბოლომდე იბრძოდნენ.
საქართველოს ნაკრებმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და საბოლოოდ ჯგუფში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თად მაკფადენი იყო, რომელმაც 24 ქულა და 6 პასი მიითვალა. თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მოიპოვა, ხოლო წინა თამაშის გმირმა, გიორგი შერმადინმა 11 ქულას, 8 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი.
საქართველომ მთლიანობაში უფრო გუნდური თამაში აჩვენა და ქულები სხვა კალათბურთელებმაც მოიპოვეს - ბექა ბუექაურმა (6 ქულა), გიორგი კორსტანტიამ (9), გივი ბაქრაძემ (12), ალექსანდრე ფევაძემ (8), მერაბ ბოქოლიშვილმა (3) და ილია ლონდარიძემ (1).
საქართველოს ნაკრები 4 ტურის შემდეგ 8 ქულით ჯგუფის უპირობო ლიდერია. საქართველო ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, სერბეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ილიას ზუროსის გუნდისთვის ამ შესარჩევ ეტაპს სატურნირო დატვირთვა არ გააჩნია, რადგან მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოპოვებული აქვს.