აფხაზური და ქართული სახელმძღვანელოები კონფლიქტის შემდგომ პერიოდში (ნაწილი I)

Tbilisi Daily

ამჯერად უნდა განვიხილოთ კონფლიქტური ნარატივები ისტორიის ქართული და აფხაზური სახელმძღვანელოების მაგალითზე, რომლებიც კონფლიქტის შემდგომ პერიოდშია შექმნილი. თუ გავიხსენებთ, რომ „ისტორია ყოველთვის თანამედროვეა“ და წარსულის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია თანამედროვე ინტერესებსა და სამომავლო მიზნებზე, არ გაგვიკვირდება, რომ ისტორიის ქართული და აფხაზური ვერსიები ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბუნებრივია, ჩვენი მიზანი არ არის სახელმძღვანელოებში მოტანილი ფაქტებისა და მოსაზრებების „ჭეშმარიტების“ თუ „სიყალბის“ დადგენა, არამედ კონფლიქტური ნარატივების კონკრეტული მაგალითის წარმოდგენა და მათი დაძლევის შესაძლებლობაზე მსჯელობა. რატომ სახელმძღვანელოები? მარკ ფეროს ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავსა და სხვებზე, მნიშვნელოვანწილად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვასწავლიან ისტორიას ბავშვობაში. ის, რაც აკმაყოფილებს ჩვენს ბავშვურ ცნობისმოყვარეობას, სამუდამოდ აღიბეჭდება ჩვენს ცნობიერებაში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისტორიის სახელმძღვანელოები მიჩნეულია ისტორიული ცნობიერებისა და ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად. ისინი ასახავენ საზოგადოებაში არსებულ ფასეულობებსა და სტერეოტიპებს. ჩვენ მიერ განხილულ სახელმძღვანელოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ახალი თაობის აფხაზებსა და ქართველებს შორის უშუალო ურთიერთობა ან ურთიერთობის ადრინდელი გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ სახელმძღვანელოები, მთლიანად საისტორიო მეცნიერებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ერთად, გადამწყვეტ გავლენას ახდენენ ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ურთიერთაღქმაზე. ანალიზისათვის შერჩეულია ორი წიგნი: 1) 2006 წელს სოხუმში რუსულ ენაზე გამოცემული მე-10-11 კლასების სახელმძღვანელო «История Абхазии с древнейших времен до наших дней», რომლის ავტორები არიან ოლეგ ბღაჟბა და სტანისლავ ლაკობა, რომელიც დაამტკიცა აფხაზეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ; 2) 2008 წელს თბილისში გამოცემული და გრიფირებული სახელმძღვანელო მე-9 კლასისათვის „საქართველოს ისტორია“, გიორგი ანჩაბაძის, ზურაბ კიკნაძის, გელა გამყრელიძის, მზია სურგულაძისა და დიმიტრი შველიძის ავტორობით. დასახელებულ სახელმძღვანელოებში ისტორიის რეპრეზენტაცია მკაფიოდ უკავშირდება ქართული და აფხაზური საზოგადოებების წინაშე მდგარ ამოცანებს და ამ საზოგადოებათა შორის დღეს არსებულ ურთიერთობას. პირველ შემთხვევაში მიზანია მრავალეთნიკური, მაგრამ ერთიანი სახელმწიფოს, მეორეში კი - აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმაცია. შესაბამისად, შექმნილია ისტორიის ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები, დამყარებული ერთი და იგივე ფაქტებისა და მოვლენების წინააღმდეგობრივ ინტერპრეტაციაზე. ჩვენ გამოვყავით ისტორიის რამდენიმე საკვანძო მომენტი, რომელთა ანალიზი ნათლად წარმოგვიდგენს ზემოთ ნათქვამს. ეთნოგენეზი და უძველესი პერიოდი ეთნოგენეზის კონცეფციას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს საზოგადოების ისტორიულ ცნობიერებაში. იგი მჭიდროდ უკავშირდება იდენტობის თანამედროვე პრობლემებს; ითვლება, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი „საბუთი“, რომელიც განსაზღვრავს, თუ „ვინ ვინ არის“, „ვის რის უფლება აქვს“ და ა.შ. მასზე დაყრდნობით ცდილობენ საკუთარი „უძველესი წარმომავლობის“ დასაბუთებას, ტერიტორიული პრეტენზიების ლეგიტიმაციას. აფხაზური ვერსია ▪ „აფხაზეთი (აფხაზურად - „აფსნი“) არის ქვეყანა, რომლის მკვიდრ მოსახლეობას აფხაზები შეადგენენ“. ▪ მათი თავდაპირველი განსახლების არეალია კოლხიდა (ეთნოკულტურული სახელი) ან კოლხიდის ეკოლოგიური ნიშა (გეოგრაფიული სახელი). ▪ „რაც შეეხება ძველ ქართველურ ტომებს: ქართუ-ქართი, კულხა-კოლხი, ლუშა-ლაზი..., ისინი ძვ.წ. პირველი ათასწლ. დასაწყისამდე ცხოვრობდნენ მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და მხოლოდ შემდეგ გადაინაცვლეს კოლხიდის ეკოლოგიურ ნიშაში“. ▪ „ჰენიოხები ძველი აფხაზური ტომები იყვნენ, რომლებიც ძვ.წ. პირველ ათასწლეულში მთელ დასავლეთ ამიერკავკასიაში ცხოვრობდნენ... ისინი იყვნენ კოლხური კულტურის თავისებური, აფხაზური ვარიანტის შემქმნელები, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრინჯაოს საბრძოლო საპარადო ცულები“. „ჰენიოხები არ არიან კოლხები ვიწრო აზრით, ანუ ძველი ქართველური ტომები“. ▪ „ჰენიოხთა ძველი აფხაზური ტომების“ მიწაზე ძვ.წ. მე-6 საუკუნეში დაარსდა გიენოსი, დიოსკურია და ეშერას საქალაქო დასახლება. „ამ დროს კი ძველი ქართველური ტომები (კოლხები ვიწრო მნიშვნელობით) ძვ.წ. მე-5 საუკუნეშიც ცხოვრობდნენ მდ. ფასისის სამხრეთით, უფრო ზუსტად - მდ. ჰალისის (თანამედრ. თურქეთი) რაიონში, სანამ არ დაიწყეს ჰენიოხების თანდათანობით შევიწროება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით“. ▪ადრეანტიკური ავტორები კოლხიდას, ძირითადად, გეოგრაფიული აზრით აღიქვამდნენ. მათ სრულიადაც არ აღელვებდათ ნაციონალური ასპექტი... კოლხები, ფართო აზრით, მაშინ მოიცავდნენ კოლხიდის ყველა ტომს, მათ შორის ჰენიოხებს, კოლხებს ვიწრო აზრით და თავად ბერძენ კოლონისტებსაც კი“. ▪ „გვიანდელი ჰენიოხების ჩრდილო-დასავლური ჯგუფი საზღვაო მეკობრეობას მისდევდა... მათ ჰქონდათ პატარა, ვიწრო და მსუბუქი ნავები, კამარები, რომლებშიც 25-30 კაცი ეტეოდა. ამიტომ წყაროებში ჰენიოხებს კამარიტების სახელით იხსენიებენ“. Ქართული ვერსია ▪ „საერთო ენა, კულტურა, სამეურნეო ტრადიციები, მსოფლაღქმა განსაზღვრავს ნაციონალურ თვითშეგნებას“. ▪ქართველი ხალხის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ეთნიკური ქართველები. ერთობის საფუძველი ეთნიკური წარმომავლობა კი არა, ხანგრძლივი თანაცხოვრება და საერთო კულტურული სივრცისადმი მიკუთვნებულობაა. „საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი და არაქართველი ტომების მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების პროცესში, საერთო ქართულმა ენამ და თვითშეგნებამ უპირატესობა მოიპოვა ტომობრივ განსხვავებებთან შედარებით“. ▪ კოლხური კულტურის მატარებლები, ისევე როგორც ბერძნული კოლონიზაციის პერიოდის აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის მოსახლეობა, ქართველურ ტომებს წარმოადგენდნენ. ▪ „ქართული მოსახლეობა შორეული ცურვისათვის ნავებს იყენებდა... სტრაბონის თანახმად, კოლხიდის მოსახლეობა მეკობრეობას მისდევდა. მათ ჰქონდათ პატარა, ვიწრო და მსუბუქი ნავები, კამარები, რომლებშიც 25-30 კაცი ეტეოდა. ბერძნები მათ კამარებს უწოდებენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს Მასალა ეკუთვნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. #GeorgiaDaily #Ისტორია #აფხაზეთი #საქართველო #აფხაზეთისაქართველოა