ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილეს სცემეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, სერგეი კაბისოვს სცემეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ დმენისში. ამის შესახებ „ტელეგრამის" არხზე ცხინვალელი კომენტატორები წერენ.
კაბისოვი ჟურნალისტ რუსლან ტოტროვის ცემის საქმეზეა ბრალდებული. თავდასხმა ვლადიკავკაზში გასული წლის 21 იანვარს მოხდა. კაბისოვმა და ბიზნესმენმა რუსლან ტანდელოვმა ჟურნალისტს სამხრეთ ოსეთის მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შესახებ ტყუილების წერის შეწყვეტა მოსთხოვეს. ტოტროვის ჩვენებით, მათ თავიანთ მოთხოვნას მუქარა მოაყოლეს. „თუ არ გაჩერდები, მოგკლავ“, ამ სიტყვების შემდეგ სერგეი კაბისოვმა ჟურნალისტს დაარტყა. ტოტროვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
კაბისოვს ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 144 მუხლის მე-3 ნაწილით (ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა, ჟურნალისტის მიმართ ძალადობასთან ერთად).
თავად კაბისოვის ცემის ინციდენტი, ცხინვალელი წყაროების ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო ხასიათისა იყო. ჟურნალისტი რუსლან ტოტროვი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცემის ფაქტს ასე გამოეხმაურა.
„არც მე პირადად და არც ჩემს თანამოაზრეებს არ გვაქვს კავშირი თავდაცვის მინისტრის მოადგილის, სერგეი კაბისოვის ცემასთან. მე მესმის კონსპიროლოგების, მაგრამ მათი ვარაუდები უსაფუძვლოა“, - წერს ტოტროვი „ტელეგრამის" საკუთარ არხზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31875546.html
Source: radiotavisupleba.ge