"ღრმად სულერთია“ - რიჟვაძე "ენმ-ს" ბოიკოტზე

Batumi Daily

გუშინ, 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“ უწოდა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ლევან ვარშალომიძეს. „ყველას გავახსენებ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, ნაცმოძრაობის ე.წ. ლიდერები მათი ჩვეული ხელწერით, აგრძელებენ ქალებს, ბავშვებს ამოფარებული, პოლიტიკურ დესტრუქციას. ძალიან მალეა ის დრო, როცა მათი უკვე ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა იქნება ერთ-ერთ ობლასტში სააკაშვილის მხრიდან განათხოვრებული, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე რეგიონში“. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ოპოზიციის გადაწყვეტილებისა, არ შევიდეს საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში, ეს აჭარაში არც უმაღლეს საბჭოს და არც მთავრობას ხელს არ შეუშლის. რიჟვაძემ თქვა, რომ „ღრმად სულერთია“ შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ბარიერი გადალახა. „ამომრჩევლისთვის ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თითოეული ხმა, მათ მიერ დაფიქსირებული ნება იქნას შესაბამისად რეალიზებული. ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტი, ნაციონალური მოძრაობა მაქვს მხედველობაში და ღრმად სულერთია მათი გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი მანდატები, რომ როგორც უმაღლესი საბჭოს, ისე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი რისკები არ შეექმნას“, – განაცხადა რიჟვაძემ. მთავრობის სხდომა აჭარის მთავრობის სახლში ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რიჟვაძის პირდაპირ ჩართვაში ისმოდა შეძახილების ხმაც აქციიდან. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში