უკრაინის ხელისუფალთა ცნობით, ბახმუტის 60%-ზე მეტი დანგრეულია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, ბახმუტის დამცველმა მებრძოლებმა მოწინააღმდეგე განდევნეს ქალაქის საზღვრებს მიღმა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. 4 იანვარს, ღამით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში კირილენკომ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები არ წყვეტენ ბახმუტზე საარტილერიო შეტევას, რომლის შედეგად, 4 იანვარს დაიღუპა კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბახმუტის 60%-ზე მეტი დანგრეულია. ბახმუტის დამცველებს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 4 იანვარს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი „შამანი“, ლუგანსკის რაზმის მესაზღვრეები და მრავალეროვნული ლეგიონის მებრძოლები განაგრძობენ ბახმუტის შემოგარენიდან მტრის განდევნას და მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ბახმუტის მიმართულებით და მთლიანად დონბასში ყოველი ასეთი შედეგი და მტრის მარცხის ყოველი დღე აგრესორ სახელმწიფოს მნიშვნელოვნად ასუსტებს და ის უკვე ნახევარი წელია ცვლის მთელი დონბასის დაპყრობის თარიღს. "აი, ახალ წლამდე ელოდებოდნენ, ჩვენი დამცველები კი, ისევ წარმატებებს აჩვენებენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ბახმუტის დასაცავად უკრაინელ სამხედროებთან ერთად ქართველი ლეგიონერებიც იბრძვიან. დონეცკის ოლქის ამ ქალაქის აღებას რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებთან ერთად დიდი ხანია ცდილობს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი".   https://www.radiotavisupleba.ge/a/32209422.html

Source: radiotavisupleba.ge