მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის არასრულწლოვანიცაა - რა მოხდა აჭარაში
Batumi Daily
1 ოქტომბერს, გვიან ღამით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომანქანა ჩაიყოლა. მაშველები 16 წლის მოზარდს, მის მშობლებს და ორ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. თედორაძეების სახლში მეწყერის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა.
აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი, ავტომობილში კი ორი ადამიანი იმყოფებოდა. მეწყერმა საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. გუშინვე ამოიყვანეს ავტომობილი მდინარე მეჯინისწყლიდან.
"სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების პოვნა. მობილიზებულია, როგორც ტექნიკა, ისე ადამიანური რესურსი." - ნათქვამია რიჟვაძის ფეისბუქ გვერდზე დადებულ განცხადებაში.
სამძებრო სამუშაოები ახლაც გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფისა და უამინდობის მიუხედავად, აჭარის სამმართველოს 60 მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.
გვიან ღამე აჭარაში ჩავიდა დამატებითი ჯგუფები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან. ჯამში, 60 მეხანძრე-მაშველი ჩავიდა სპეციალური აღჭურვილობითა და შესაბამისი ტექნიკით. გუშინ ღამითვე ადგილზე მობილიზებული იყო 120 მაშველი და დამატებით, თბილისიდან 50-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ დრომდე დაკარგული ადამიანების პოვნა ვერ მოხერხდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: თორნიკე რიჟვაძე
#batumidaily #მეწყერიაჭარაში #ბათუმი #batumi