ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლას ზღუდავენ იქ კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის გამო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

20 ქვეყანაზე მეტმა შემოიღო დიდ ბრიტანეთთან ავიარეისების აკრძალვები იქ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო. მათ შორისაა დანია, იტალია, ნიდერლანდი და ავსტრალია. ამ ქვეყნებში უკვე გამოვლინდა ახალი შტამით დაავადების ათზე მეტი შემთხვევა. ავიარეისების დროებით აკრძალვის შესახებ გამოაცხადეს გერმანიამ, ჩეხეთმა, შვედეთმა, ისრაელმა და რუსეთმა. საფრანგეთმა მთლიანად ჩაკეტა დიდ ბრიტანეთთან საზღვრები. ლონდონმა ჩაკეტა ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალი გვირაბი, რომელიც დიდ ბრიტანეთს კონტინენტურ ევროპასთან აკავშირებს. ათობით მგზავრი, რომელიც ბრიტანეთიდან ჩაფრინდა გერმანიაში, ვერ ტოვებს აეროპორტებს კორონავირუსის ნეგატიური ტესტის მიღებამდე. მთელ რიგ ადგილებში ტესტების შედეგების მიღება ჭიანურდება. მგზავრები იძულებული არიან, აეროპორტებში გაათიონ ღამე. ჰანოვერში მათთვის ღამის გასათევი ადგილები მოაწყვეს. თავად დიდ ბრიტანეთში ხელისუფლებამ 19 დეკემბერს გამოაცხადა, რომ სამხრეთ დასავლეთ ინგლისში შემზღუდავი ზომები მეოთხე, უმაღლეს კატეგორიამდე მკაცრდება. ეს, ფაქტობრივად, სრულ „ლოკდაუნს“ ნიშნავს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე ცნობილი შტამი. მედიკოსების თქმით, გავრცელების სიჩქარის მიუხედავად, ის, როგორც ჩანს, არ არის უფრო სახიფათო, ვიდრე პირველადი შტამი და არ იმოქმედებს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესზე. როგორც ინფექციონისტები აღნიშნავენ, ახალი შტამი სავარაუდოდ წარმოექმნა პაციენტს შესუსტებული იმუნური სისტემით, რომელმაც ვერ შეძლო ვირუსის დამარცხება, მაგრამ ნაყოფიერ ნიადაგად იქცა მუტაციისთვის. https://www.radiotavisupleba.ge/a/31011620.html #ახალი_ამბები #twitter