"საქართველოსთვის ბიჭებო, სწორდით !"
Sokhumi Daily
კონფლიქტი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის სახელითაა ცნობილი, ცეცხლის გახსნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. საქართველომ გამოიარა 9 აპრილი, ხელისუფლების არალეგიტიმურად დამხობა, კრიმინალის თარეში, შიდა ომები და სხვა კონფლიქტები. ცენტრალური ხელისუფლება კონცენტრირებული იყო დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე, სწორედ ამიტომ, დასავლეთ საქართველოში არსებული ფაქტები სათანადო ყურადღებას არ იღებდნენ.
აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნენ მარგინალური ძალები, რომლებიც ავრცელებდნენ პროპაგანდას და საზოგადოებაში ნერგავდნენ იდეას, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა უდიდესი წარსულით, რომელსაც საქართველოსთან კავშირი არ აქვს. ამის ერთ-ერთი პირველი მასიური გამოვლინება გახლდათ 1989 წელს სტუდენტური ძალების დაპირისპირება, აფხაზეთში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა პროტესტი გამოთქვეს "აფხაზური პროპაგანდის" თაობაზე, რასაც შედეგად დაჭრილი ახალგაზრდები და დიდი ხნის განმავლობაში ქართველი სტუდენტების დისკრიმინაცია მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრამიანის ბატალიონის მიერ მართული სომხური ჯარები ქართველ მოსახლეობას ძარცვავდნენ, ართმევდნენ იარაღს, ხოლო შემდეგ ამას აფხაზებს აწვდიდნენ, რადგან დაძაბული ურთიერთობის შედეგად, იყო ალბათობა კონფლიქტის, შედეგად აფხაზური მხარე სათანადოდ მომზადებული უნდა ყოფილიყო. ვითარება აქტიურ ფაზაში გადავიდა, როდესაც აფხაზი ნაციონალისტები პოლიტიკოსს, ლომაიას კაბინეტში შეუვარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე, 1992 წლის 23 ივლისს, ვლადისლავ არძინბამ უკანონოდ სცნო საქართველოს კონსტიტუცია და გადაწყვიტა, რომ აფხაზეთი მხოლოდ საკუთარი კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო მართული.
1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. მიზეზად სოჭი-ინგირის სარკინიგზო გზის დაცვა დასახელდა, რადგან დასავლეთ საქართველოში მომრავლდა კრიმინალის რაოდენობა, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება სათანადოდ მათ კონტროლს ვერ ახერხებდა. იმის მიუხედავად, რომ ვლადისლავ არძინბა წინასწარ იყო ინფორმირებული ქმედების შესახებ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან მისმა "აფხაზურმა გვარდიამ", რომელიც 11 აგვისტოს შეიქმნა ცეცხლი გახსნა. აღსანიშნავია, რომ სომეხი და რუსი სეპარატისტების მიერ არძინბას არმია საკმაოდ კარგად იყო აღჭურვილი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე კონფლიქტი 14 აგვისტომდე ბევრად ადრე დაიგეგმა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ აფხაზეთში, შევიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლო მოუღონ დასავლეთ საქართველოს რაიონებში შეიარაღებული ბანდების თარეშს, რომლებმაც გასულ ღამესაც განახორციელეს მორიგი დივერსია – ააფეთქეს რკინიგზის ხიდი. სამწუხაროდ, ამ ოპერაციის მსვლელობის დროს მოხდა შეტაკება ეროვნული არმიის ქვედანაყოფებსა და აფხაზეთის გვარდიას შორის, არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები“. - ამ პერიოდში, ქართული ბეჭდური მედია ასე ეხმაურებოდა აფხაზეთში მომხდარ კონფლიქტს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჯარი არ იყო სათანადოდ აღჭურვილი და მობილიზებული, მათ 1 წლის განმავლობაში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთს. დაიკავეს და გაამაგრეს ყველა სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის სოხუმი, გაგრა და სხვა ქალაქები. "საქართველოსთვის ბიჭებო, სწორდით !" - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ქართულ ბეჭდურ მედიაში ეს შეძახილი ისმოდა, თუმცა არასწორად გატარებული პოლიტიკის გამო, მოხდა სტრატეგიული შეცდომები, რამაც საბოლოო ჯამში აფხაზეთის სრული ოკუპაცია მოგვცა.
3 აგვისტოს, მოსკოვში ედუარდ შევარდნაძემ ელცინთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულება დადო, რითაც მოტყუვდა, რადგან აფხაზურმა მხარემ 1 ოქტომბერს შეთანხმება დაარღვია, თავს დაესხა იარაღჩამორთმეულ ჯარს და ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნოწმენდა ჩაატარა.
1993 წლის 1 მაისს საქმეში ჩაერია გაეროს გენერალური მდივანი, რომელმაც საქართველოში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. ამ პერიოდში, ქალაქ სოჭში, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით დაიდო მეორე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონფლიქტში ჩართულ მხარეებს არ ჰქონდათ უფლება დაერღვიათ შეთანხმება. გაეროს უშიშროების საბჭოს N858 რეზოლუციით შეიქმნა დამკვირვებელთა მისია, რომელიც 88 წევრისგან შედგებოდა. საქართველოს მხარემ გაიყვანა მძიმე არტილერია, ჯარისკაცებს ჩამოართვა იარაღი და დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დევნილები სახლ-კარს უნდა დაბრუნებულიყვნენ, რაც რა თქმა უნდა ვერ აღსრულდა, რადგან 16 სექტმებერს, აფხაზურმა ჯარმა, ჩეჩნების, სომხებისა და რუსების დახმარებით, გაძლიერებული შტურმით შეუტია ქართველებს. აიღეს გაგრა, სოხუმი, ნელ-ნელა მთელი ტერიტორიის ათვისება მოხდა (გარდა კოდორის ხეობისა, რომელიც 2008 წელს მიითვისეს, იქამდე რუსეთთან არსებული შეთანხმების საფუძველზე).
27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს არ დაეტოვებინათ ტერიტორია, რადგან ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ და არ სურდათ მართვის სადავეები სეპარატისტებისათვის დაეთმოთ. მათ შორის იყო გურამ გაბესკირია, რომელიც აფხაზებს ტყვედ ჩაუვარდა. "დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს! " , - "არასდროს, სანამ ცოცხალი ვარ!" ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, ამის შემდეგ გურამ გაბესკირია ჩაცხრილეს.
უნდა ვახსენოთ საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა, მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავჯდომარე. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა იგი ტყვედ აიყვანეს, სასტიკად აწამეს და შემდეგ დახვრიტეს.
საქართველო-რუსეთის ომში ბრძოლა ჯარისკაცებს არ წაუგიათ, წააგებინეს. აფხაზეთის ოკუპაციაში, გარდა რუსეთისა, უდიდესი ბრალი მიუძღვის მხედრიონს და სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც დღემდე დაუსჯელად დადიან.
შედეგად მივიღეთ საქართველოს ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, მოსახლეობა საკუთარ ქვეყანაში გახდა დევნილი, დაიღვარა სისხლი, დაკარგეს მეგობრები, ახლობლები, ნათესავები. ომში დაღუპულ მებრძოლთა სისხლი ტყუილად არ დაღვრილა, რადგან აფხაზეთი საქართველოა, სწორად გადადგმული ნაბიჯებით, ჩვენი ქვეყანა შეძლებს დაიბრუნოს ტერიტორია, რომელიც უკანონოდ წაერთვა.
#სოხუმი #აფხაზეთი #ომი
#sokhumidaily