"მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს"
Tbilisi Daily
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, პატრიარქმა ხმის მიცემისას გადასატანი ყუთით ისარგებლა.
„საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. ვისწავლოთ მოსმენის კულტურა. მე იმედით ვუყურებ მომავალს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, - განაცხადა პატრიარქმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.