„ამათ საქმე არ აინტერესებთ, ამათ პრობლემები არ აქვთ. ეს არის მასკარადი, – შ. რეხვიაშვილი
Marneuli Daily
გუშინ , 22 აპრილს ,სოფელ შულავერში საპროტესტო აქცია ჩატარდა , რომელშიც 7 სოფლის მოსახლეობა იმყოფებოდა. მოსახლეობა მძიმე სოციალური პირობების გასაპროტესტებლად შეიკრიბა და ითხოვდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების ალტერნატიულ გზებს.
ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი კი მომხდარ პროცესებს პოლიტიკურ აქციას უწოდებს.
"ჩვენ შევაკავეთ მარნეულში დაავადება, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ბედნიერი იქნებიან, თუ ქვეყანაში ცუდად იქნება საქმე "- აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.
„ამათ საქმე არ აინტერესებთ, ამათ პრობლემები არ აქვთ. ეს არის მასკარადი, ეს არის კლოუნადა“, – ასე შეაფასა მან აქცია.
შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ძალები არ უნდა ქმნიდნენ ადამიანების ასეთ კონცენტრაციას, რათა დაავადება არ გავრცელდეს.
„ამ სიტუაციაში, პოლიტიკური ძალა უნდა უფრთხილდებოდეს, რომ ასეთი კონცენტრაცია არ იყოს და დაავდების გავრცელება არ იყოს. ჩვენ შევაკავეთ მარნეულში დაავადება, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ბედნიერი არიან იმით, რამდენად ცუდად იქნება ქვეყანაში საქმე, რამდენად ბევრი იქნება ინფიცირებული და რამდენად ბევრი გარდაიცვლება. საუბედუროდ, ასეა. ელოდონ, მიშას ერთი 50 წელიწადი, კიდევ ელოდონ“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
გუბერნატორმა ასევე ისაუბრა აქციის მონაწილეების პრეტენზიების შესახებაც.
„ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი. ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით მსხვილი სატრანსპორტო საშუალებები შევიდნენ. საჭიროა რეალიზება მოხდეს მარნეულისა და ბოლნისის პროდუქციის. დღევანდელ ფორსმაჟორში გაურკვევლობისგან არავინ არ არის დაზღვეული, ხომ ასეა. იდეალური პროცესი შეიძლება არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი. მივედით, გავარკვიეთ, შევპირდით მოსახლეობას, რომ დისტრიბუციასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. ქალაქის მოსახლეობა გასულია რეგიონებში, ქალაქში იმდენი მოთხოვნა არ არის პროდუქტის, როგორიც აქამდე იყო. ამიტომ მოსაგვარებელია რეგიონების მომარაგება. ვაკეთებთ ყველაფერს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვართ ყოველწუთიერ ურთიერთობაში, დისტრიბუციას აქვს თავისი პრობლემები, ინტენსივობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემები აღმოიფხვრება" – განაცხადა გუბერნატორმა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ 7 სოფლის მოსახლებამ სოფელ შულავერში აქცია ჩაატარეს და გადაკეტეს მაგისტრალური გზა. აქციის მონაწილეებმა მკაცრი კარანტინის დროს შექმნილ მძიმე სოციალური პირობებს აპროტესტებდნენ. კერძოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ადგილზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი , „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი , მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.
#მარნეული
#აქცია
#პროსტესტი
#marneulidaily