პანდემიის გავლენა ქალების ცხოვრებაზე - ჩინარა გოჯაევა

Marneuli Daily

პანდემიის გავლენა ქალების ცხოვრებაზე - ჩინარა გოჯაევა "თუ ქალი ხარ", არ უნდა გაიცინო, - იტყვიან, რომ სხვისთვის იცინი. "თუ ქალი ხარ", არ უნდა იტირო, - იტყვიან, რომ სიყვარულის გამო ტირი. "თუ ქალი ხარ", არ უნდა დაშორდე, რადგან თუ დაშორდები, შეიძლება სექს მუშაკი გახდე. "თუ ქალი ხარ", თავისუფლება არ უნდა მოისურვო, რადგან ქალს თავისუფლება არ უნდა ჰქონდესო, გეტყვიან. როგორც ყველასთვის ცნობილია, ვირუსმა ჩვენი ცხოვრება შავი ღრუბელივით დაფარა და ძალიან ბევრ ადამიანზე სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. მაგრამ, ზოგზე ორმაგი გავლენა იქონია. ვისზე? - ქალებზე! ცნობილია, რომ კარანტინის დროს ობიექტების 90 პროცენტი, სამსახურები, გართობის ობიექტები, არ მუშაობდა. ყველა სახლში იჯდა და ელოდებოდა შავი ღრუბლის დაშლას. კარანტინის პერიოდი ზოგისთვის ერთგვარი გამოცდა, ზოგისთვის დაშვება, ზოგისთვის კი საკუთარი თავის გასავითარებელი შესაძლებლობა იყო, თუმცა, ზოგი ქალისთვის ეს აუტანელ სასჯელს უკავშირდებოდა. ზოგი ქალი, "ნორმალური ცხოვრების დროს", ქმარი სანამ სამსახურიდან ან ბირჟიდან ბრუნდებოდა, მანამდე აკეთებდა სახლის საქმეებს, საჭმელს ამზადებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს წვალება არ უფასდებოდა და ხანდახან ძალადობის მსხვერპლიც ხდებოდა, მაგრამ ეს იყო შედარებით მცირე დოზით. ახლა წარმოიდგინეთ, ქალებს ამ პერიოდში რა აქვთ გავლილი? მთელი დღე ქმრის მწარე სიტყვების, ძალდობის ატანა არ არის მარტივი, მით უმეტეს სოციალური განვითარების არქონის და ეპიდემიის გავლენით დამძიმებულ პირობებში. დღემდე ძალიან ბევრი ქალის ისტორია მოვისმინე. როცა მათ ვუსმენდი, ცრემლს ვერ ვიკავებდი. კი მაგრამ, რატომ? მათაც დავუსვი ეს კითხვა. რატომ ითმენთ? რატომ ჩუმდებით? ყველას იგივე პასუხი ჰქონდა, - "შვილები მყავს, მათ რა დაემართებათ? სად წავიდე, მამა არ მიმიღებს, ყველას სალაპარაკო გავხდები, ქუჩაში დავრჩები, სხვა გზა არ მაქვს და ვჩუმდები და შვილებისთვის ვითმენ". რატომ არავინ ფიქრობს ქალებზე? უფლება არ აქვთ? ადამიანები არ არიან? როცა მათ სცემთ და ისინი ტირიან, მოგწონთ ეს? საკუთარი შვილების თვალწინ მათ აწამებთ, ატირებთ და ისინიც ცრემლებით იზრდებიან. ხალხნო, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, ქალი თუ კაცი, სხეული სხეულია. აქედან მოვუწოდებ ყველა გოგოს: თქვენ მარტო არ ხართ, ნუ გეშინიათ! ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დაგიცვათ. გთხოვთ, ნუ ჩუმდებით. სათანადო ორგანოებს მიმართეთ. თუ თქვენ გაჩუმდებით, უფრო მეტი ქალის უფლებები დაირღვევა. ყველა ქალს, გოგოს, საკუთარი ოცნება, მომავალი აქვს, გოგოებს ხელი არ შევუშალოთ განათლების მიღებაში და მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, ძალა მივცეთ, დავეხმაროთ. არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი ვინმემ დატანჯოს, ძალადობაში აცხოვროს. მათ განადგურებაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. იყავით ძლიერები, რადგან ქალები ყველაზე ძლიერი არსებები არიან! წყარო: ფანჯარა #ახალიამბები