საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერიდანაა, სამი იმპორტირებულია, ერთი დადასტურებული შემთხვევასთან კონტაქტია და ერთზე ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, შემოტანილ შემთხვევათაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 177 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 955-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6969, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 285 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.