ჩინეთი ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
Tbilisi Daily
ჩინეთის მთავრობა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვან ვენბინის განცხადებით, ჩინეთი პატივს სცემს ამერიკელი ხალხის არჩევანს.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ბატონ ბაიდენსა და ქალბატონ ჰარისს გამარჯვებას ვულოცავთ. ჩვენ გვესმის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად განისაზღვრება“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.