ბახმუტში ინტენსიური შეტაკებებია, ბევრი უკრაინელი დაუმორჩილებლად ზეიმობს შობას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

  უკრაინის არმიის განცხადებით, მისმა ძალებმა "დიდი დანაკარგი" მიაყენეს პრომოსკოვურ ძალებს ინტენსიურ ბრძოლაში, რომელიც გრძელდება აღმოსავლეთის სტრატეგიულ ქალაქ ბახმუტსა და მის გარშემო. უკრაინის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოკლულ იქნა ათობით რუსი სამხედრო.  არმიის განცხადებებს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა, რომელშიც ის გამოვიდა პირობით, რომ ქვეყანას "თავისუფლება დაუბრუნდება". მანამდე ხერსონის რეგიონში რუსეთმა მორიგი დარტყმები განახორციელა, რასაც ემსხვერპლა სულ მცირე 16 ადამიანი, დაიჭრა 60-ზე მეტი პირი.  პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში თქვა, მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებისთვის ომში ჩართულ ყველა მხარესთანო, თუმცა განაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები ამბობენ უარს. პუტინს წარსულშიც უთქვამს, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აშშ და დასავლეთის სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ლიდერს მოლაპარაკებისთვის არ გამოუვლენია რეალური ნება, იმ ფონზეც, როცა მის ძალებს შორის მნიშვნელოვანი დანაკარგები იყო უკრაინის კონტრშეტევების შედეგად ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში.  ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ სურს ომი მალე დასრულდეს, თუმცა მოითხოვს რუსეთმა გაიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის არეალებიდან, რომლებსაც კრემლი და მისი მოკავშირეები დაეპატრონენ 2014 წელს და ამჟამად მიმდინარე შეჭრის შედეგად.   25 დეკემბერს მსოფლიოს გარშემო ბევრი ქრისტიანი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. უკრაინელთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და ისინი შობას საუკუნეების განმავლობაში 7 იანვარს ზეიმობდნენ - ისევე, როგორც რუსეთში. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის მრევლს უფლება მისცა შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ, დასავლეთის სამყაროს დიდ ნაწილთან ერთად.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32193046.html

Source: radiotavisupleba.ge