რატომ მივიდნენ მოქალაქეები გასაყიდი ტანსაცმელით აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან
Tbilisi Daily
აჭარის უმაღლესი საბჭო შენობაში თორნიკე რიჟვაძე დეპუტატებს ანგარიშს აბარებს და ანტიკრიზისული გეგმით თავს იწონებს, შენობის გარეთ კი გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. მოქალაქეებმა შენობასთან გასაყიდი ტანსაცმელი მიიტანეს.
ისინი 23-ე სკოლასთან გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. ამბობენ, რომ მსგავს ვითარებაში მხოლოდ 10 გარემოვაჭრეა, სხვები მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდნენ და სამუშაოდ ავტოსადგურთან არსებულ სავაჭრო ობიექტებში გადავიდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ ისინი ნებართვის გარეშე დაიწყებენ ვაჭრობას, მერიის ინსპექტირების სამსახური დააჯარიმებს.
"სადაც გადაგვიყვანეს ვაჭრობა არ გვაქვს. საერთოდ არ დადის ხალხი. გვიჭირს და იმიტომ ვყიდით ქუჩაში. მთავრობის თავმჯდომარესთან გვინდოდა შეხვედრა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და აქ იმიტომ მოვედით ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება. თვითდასაქმებულებს გვეძახიან და დახმარებაც არ მიგვიღია'' - აცხადებენ შეკრებილები.