გამყრელიძე: კოვიდ სასტუმროში გარდაცვლილი 41 წლის ქალი სამედიცინო წრიდანაა

Tbilisi Daily

„გარდაცვლილი ქალბატონი, ჩვენი, სამედიცინო წრიდანაა," - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბათუმის კოვიდსასტუმროში გარდაცვლილზე საუბრისას განაცხადა. გამყრელიძის თქმით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა. მისივე თქმით, თრომბოემბოლია უეცარ სიკვდილს იწვევს და ამ დროს ექიმები უძლურები არიან. ,,სამწუხაროდ, მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ვისაც ექიმად უმუშავია და სამწუხაროდ, უეცარ სიკვდილს შესწრებია, ეს არის მომენტი, როცა შენ, ექიმს, არაფერი გძალუძს. დიდი ალბათობით, როგორც ჩემი კოლეგები აჭარიდან მეუბნებიან, იქ იყო თრომბოემბოლია, რომელიც იწვევს უეცარ სიკვდილს. ეს განვითარდება სასტუმროში, ქუჩაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში, მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში. ცნობისთვის, ბათუმში, კორონავირუსით 41 წლის ქალი კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა.