"მომხსენებელი იტყუება, ეს არის რუსული კანონი" - იურიდიულ კომიტეტში "უცხოეთის აგენტების" განხილვა ვერ იწყება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, სადაც დღეს  ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტების განხილვაა დღის წესრიგით გაწერილი, ხმაური და დაპირისპირებაა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ორჯერ გამოაცხადა კოლეგების პროტესტისა და შეძახილების გამო ტექნიკური შესვენება, გაფრთხილება მისცა ათამდე დეპუტატს და საბოლოოდ მანდატურებს სთხოვა დარბაზი დაეტოვებინათ ლევან ხაბეიშვილს და გიორგი ვაშაძეს. "ეს რუსული კანონია", "დასახელება შეგეშალათ," მომხსენებელი იტყუება, ეს რუსული კანონია" - ისმოდა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკები. პარლამენტარებს შენიშვნები ჰქონდათ რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებითაც.  იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.  შეფერხებებით მუშაობს ლაივ-სიგნალი პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდანაც - დარბაზში ხმაურის გაძლიერებისას სიგნალი ითიშება ან ხმა ქრება. გაძლიერებული დაცვის ზომებია მიღებული თავად შენობაშიც - იურიდიულ საკითხთა კომიტეტისკენ მიმავალი დერეფანი გადაკეტილია. ჟურნალისტებს დარბაზში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.  პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვის პარალელურად აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან.    https://www.radiotavisupleba.ge/a/32303582.html

Source: radiotavisupleba.ge