სელფი - ციფრული თაღლითობის წინააღმდეგ
Tbilisi Daily
გლობალური პანდემიისას მკვეთრად იმატა ონლაინ თაღლითობამ - სოციალური ქსელებით დაწყებული და გაყალბებული სამთავრობო ტექსტებით, ყალბ საქმიან ელექტრონულ წერილებში არასანდო ბმულების ჩასმით და საეჭვო სატელეფონო ზარებით დამთავრებული. მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში თაღლითობასთან ბრძოლის პროგრამამ 160 ათასზე მეტი საეჭვო შინაარსის მქონე ელექტრონული წერილი გამოავლინა. მხოლოდ აპრილის თვეში კი დიდ ბრიტანეთში 2,500 ასეთი ფაქტი გამოვლინდა, წერს ავტორიტეტული გამოცემა „ფორბსი“.
მართალია, თაღლითობის ყველა ფაქტი არ უკავშირდება ბანკებს ან საბანკო ანგარიშებს, მაგრამ ფინანსური მომსახურების სფეროსთვის ეს მაინც დიდ გამოწვევად რჩება. თუნდაც იმიტომ, რომ ადაიამნები სულ უფრო ხშირად ყიდულობენ ნივთებსა თუ სერვისებს ინტერნეტით და ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად მეტად დამოკიდებულები ხდებიან ციფრულ არხებზე.
სულ ცოტა ხნის წინ ბანკები ახალი მომხმარებლების რეგისტრაციას მხოლოდ ფილიალში, შესაბამის თანამშრომელთან პირისპირ შეხვედრით ახორციელებდნენ. კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მთელი მსოფლიო, ბანკების ჩათვლით, საკუთარ საქმიანობას ონლაინ რეჟიმში განაგრძობს.
ზუსტად ამიტომ, ფინანსური რეგულირების ორგანო, FCA, ბანკებს და საფინანსო ორგანიზაციებს ახალი მომხმარებლების რეგისტრაციისას მათი იდენტობის გადასამოწმებლად სელფის გამოყენებას ურჩევს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მთლიან პროცესს. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლისკენაც მოწოდებები წლების განმავლობაში ისმოდა. ბანკები, რომლებიც ადამიანის იდენტიფიცირებისთვის ფილიალში მისვლას ითხოვდნენ, დღეს ამ პროცესის გაციფრულების გზაზე არიან.
სელფის და შემდგომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სურათის გადაგზავნით ადამიანის ციფრული იდენტიფიცირება კი, როგორც „ფორბსი“ წერს, მნიშვნელოვნად ამარტივებს სამომხმარებლო გამოცდილებას და არ აზიანებს უსაფრთხოების მოთხოვნებს. იდენტიფიკაციის ეს გზა, სწორი ტექნოლოგიის შერჩევით, სერიოზულ დარტყმას აყენებს ონლაინთაღლითებს.
.
სელფი ციფრულითაღლითობა ბანკები უსაფრთხოება