არაბული სახელმწიფოების გეგმა კატარის წინააღმდეგ - არშემდგარი ოპერაციის დეტალები

Middleeast Report

უკვე სამ წელზე მეტია, რაც ე.წ. სპარსეთის ყურის კრიზისი (Gulf Crisis) მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ეგვიპტემ კატარის ბლოკადის შესახებ განაცხადეს. ამ სახელმწიფოებმა ოფიციალური დოჰა ტერორისტების დაფინანსებასა და ორგანიზაცია Muslim Brotherhood-თან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. დამატებით, ბლოკადის შემდგომი მოხსნის ერთ-ერთ პირობას ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაწყვეტა და საინფორმაციო სააგენტო Al-Jazeera-ს დახურვა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კრიზისი 2017 წელს არ დაწყებულა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში წლებია გრძელდება „ბრძოლა პირველობისთვის“. საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები ამ ტერიტორიაზე მაქსიმალური ძალაუფლებისა მოპოვებასა და კონტროლის დამყარებას ცდილობენ. ოფიციალურ რიადსა და აბუ-დაბის „თამაშის საკუთარი წესების“ დაწესება და კონკრეტულ სახელმწიფოებზე, ასევე ლიდერებზე ზეგავლენის მოხდენა სურთ. შესაბამისად, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის რეგიონში ამჟამად არსებული მდგომარეობა სიახლეს სულაც არ წარმოადგენს. რამდენიმე ხნის წინ მედია სივრცეში სკანდალური ინტერვიუ გავრცელდა. საინფორმაციო სააგენტო Al-Jazeera-სთან საუბარში ერთ-ერთმა „დაქირავებულმა მებრძოლმა“ (Mercenary) პოლ ბარელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი და ეგვიპტე 1996 წელს კატარში შეჭრას და ადგილობრივი ხელისუფლების „დამხობას“ გეგმავდნენ. ბარელის თქმით, აღნიშნული გეგმა პირადად მას ჰქონდა და სრულად იყო ინფორმირებული ამ ოპერაციის ჩატარების თაობაზე. შესაბამისად, აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „კონტინენტალში“ მას საემიროს მმართველი მუჰამად ბი-ზაედი შეხვდა, რომელიც იმ პერიოდში, ემირატებში, უმაღლესი მთავარსარდლის პოსტს იკავებდა. თავის მხრივ, ბარელი, მის 40 კაციან გუნდთან ერთად გეგმავდა ოპერაციაში ჩართვას. ზოგადად, სპარსეთის ყურის სამეფოებს დაქირავებულ მებრძოლებთან ურთიერთობის „კარგი გამოცდილება“ აქვთ. მაგალითად 1979 წელს, საუდის არაბეთმა დაიქირავა გუნდი და ქალაქ მექას „დაბრუნების“ გეგმა დაუსახა მათ. იმ წელს, მუსლიმთათვის წმინდა ქალაქი ჯუჰაიმან ალ-ოთაიბის და მისი 500 მებრძოლს ჰქონდა დაკავებული. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ოპერაციას, რომელიც კატარის ამირას „ჩამოგდებას“ ისახავდა მიზნად, გამოიყურებოდა შემდეგნაირად: შეტევის განსახორციელებლად, მძიმე სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება ეგვიპტიდან ჩამოიტანეს; დანაყოფების წვრთნა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარეობდა და ამ მებრძოლთა რიგებში იყვნენ როგორც დაქირავებულები, ასევე კატარიდან „გამოქცეული“ რიგითი სამხედროები და ოფიცრები. თავის მხრივ, საუდის არაბეთი სასაზღვრო ზოლზე მცხოვრები ტომების გადამზადებას ახორციელებდა, რომელთა უმეტესი ნაწილი დაგეგმილი ინტერვენციის პერიოდში სწრაფად გადალახავდა საზღვარს. რაც შეეხება ბარელის გუნდს, ისინი ბაჰრეინში იმყოფებოდნენ და აღნიშნულ ტერიტორიას იყენებდნენ, როგორც საკომუნიკაციო, დაგეგმარებისა და სადაზვერვო ცენტრს. Al-Jazeera-სთან საუბარში პოლ ბარელმა არშემდგარი ოპერაციის ყველა დეტალი დაასახელა და ჟურნალისტებს ის ყველა ფოტომასალა გადასცა, სადაც სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილები იყო მითითებული (მათ შორის კატარის ამირას სასახლე და სამხედრო ობიექტები). არშემდგარი გეგმა დოჰაში 3000 ჩადელი დაქირავებული ჯარისკაცის გადასროლასაც ითვალისწინებდა. აღნიშნულისთვის ჩადის სახელმწიფოს პრეზიდენტი იდრის დებიმ $20 მლნ-იც მიიღო. ოპერაციის საერთო ღირებულება $200 მლნ-ს შეადგენდა. საბოლოოდ, როგორც ბარელი აცხადებს, ოპერაცია იმ მოტივით არ შედგა, რომ მას საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტი ჟაკ შირაქი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ „არ ჩაედინა რაიმე ისეთი სისულელე, რომელიც უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გულისხმობდა“. არშემდგარმა ოპერაციამ არაბი ლიდერები იმდენად გააღიზიანა, რომ ბარელის თქმით, იგი იტალიის დედაქალაქ რომში ყოფნისას თვითმკვლელობასაც კი გეგმავდა. დაქირავებული მებრძოლის შეფასებით, კატარში დაგეგმილი ინტერვენციის უკან ძირითადად საუდის არაბეთი იდგა. ოფიციალური რიადი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ გეგმა ჩავარდა და მათ ვერ მიიღეს ის რაც სურდათ - კატარის ამირას ჩამოგდება და ნახევარკუნძულზე დე-ფაქტო კონტროლის დამყარება. #news #politics #opinion #gulf #middleeast #qatar #saudiarabia #egypt #bahrein #emirates #war #crisis #siege #ახლოაღმოსავლეთი #სპარსეთისყურე #ყატარი #საუდისარაბეთი #ემირატები #პოლიტიკა