აშშ-ის მიერ დაპატიმრებული რუსული სუპერიახტა Amadea ჰონოლულუში ჩავიდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული სუპერიახტა Amadea ჩავიდა ჰონოლულუს სადგომზე, როგორც ეს Marinetraffic-ის მონაცემებიდან ჩანს. ხომალდი შეფასებულია 325 მილიონ დოლარად და, აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, ის ეკუთვნის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ სულეიმან ქერიმოვს. ქერიმოვზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. 106 მეტრი სიგრძის Amadea 14 აპრილს დააკავეს ფიჯის პორტში. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ იახტა ამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ემალებოდა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან დაპატიმრებას. მოგვიანებით ფიჯიმ  აშშ-ს სთხოვა ხომალდის წაყვანა, ვინაიდან მისი შენახვა ბიუჯეტს ძალზე ძვირი უჯდებოდა. აშშ-ის ხელისუფლებამ უკვე დაიქირავა იახტის ახალი გუნდი, იტყობინება Bloomberg-ი. ფიჯიდან ჰონოლულუმდე 3500 მილი მან ამერიკის დროშით გაიარა. კომპანია, რომელსაც ეკუთვნის იახტა, აპროტესტებს დაპატიმრებას. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ Amadea ეკუთვნის „როსნეფტის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ედუარდ ხუდაინატოვს და არა ქერიმოვს. ხუდაინატოვი კი, დოკუმენტების თანახმად, ფლობს იახტა Scheherazade-ს, რომელიც 700 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ის მაისში დააპატიმრა იტალიის ხელისუფლებამ. გამომძიებელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში ხომალდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. https://www.radiotavisupleba.ge/a/31904038.html

Source: radiotavisupleba.ge