გორელი სამხედრო,რომელიც ცხინვალში სხვების გადასარჩენად შევიდა და თვითონ დაიღუპა
Gori Daily
ჭალი - კვერნაკის დასახლებაში, ერთ - ერთ მთავარ ქუჩას ირაკლი აბრამიშვილის სახელი ჰქვია. ადამიანი, რომელიც ცხინვალში სხვების გადასარჩენად არაერთხელ შებრუნდა, თავად დაიღუპა.
16 აგვისტოს ირაკლი აბრამიშვილს ცოლი უნდა მოეყვანა. სამსახური საქმის კურსში ჩააყენა, რომ ამ დღისთვის შვებულება მიეცათ.
მაგრამ ომი დაიწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით შეეძლო საბრძოლო მოქმედებების ზონაში არ წასულიყო.
ირაკლი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მებრძოლი იყო. 6 აგვისტოს სახლიდან უკანასკნელად გავიდა.
ირაკლის ოცეულს ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილი ქართველი მებრძოლების სამშვიდობოს გამოყვანა ევალებოდა. 2 დღის განმავლობაში, საბრძოლო ეპიცენტრში მინიმუმ სამჯერ შევიდნენ.
8 აგვისტოს მისი ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა. ტყვიებისგან დაცხრილული მანქანა გადაბრუნდა. ეკიპაჟის გადარჩენილმა წევრებმა ახლოს მდებარე შენობას შეაფარეს თავი.
მას შემდეგ ირაკლი აბრამიშვილის კვალი დაიკარგა. რამდენიმე თვე უგზო - უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ.
23 იანვარს ირაკლის ოჯახს დნმ - ის პასუხი აცნობეს. პატარა იმედი, რომ ირაკლი ცოცხალი, თუნდაც ტყვედ ჩავარდნილი ყოფილიყო, ოჯახს გაუქრა.
ირაკლი აბრამიშვილი 1974 წელს დაიბადა. ქუჩას, სადაც ირაკლი იზრდებოდა, მის საპატივსაცემოდ, ირაკლი აბრამიშვილის სახელი უწოდეს.
წყარო- radiomosaic.ge
#საინტერესო
#ისტორია
#გმირი
#goridaily