ჰანს კლუგე: ბოლო 3 კვირაში საქართველომ კარგი პროგრესი აჩვენა
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, პანდემიის კუთხით საქართველომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში პროგრესი აჩვენა და მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ქცევა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული იყოს.
ამის შესახებ კლუგემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძირითადი რეკომენდაცია არის უფრო მეტად არა ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, არამედ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანებისთვის. ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველომ კარგი პროგრესი აჩვენა. დღესასწაულები მოდის და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს, რომ ხალხის ქცევა იყოს უსაფრთხოებაზე ორიენტირებული“,- განაცხადა კლუგემ.
ამასთან, როგორც კლუგემ აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორია საქმიანობით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში გამორჩეულია.
„ეს ცენტრი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის არის გამორჩეული თავისი მუშაობით და ძალიან ამაყი ვარ, რომ მათთან ერთად ვმუშაობ.
ვთვლი, რომ ლუგარის ცენტრი და NCDC ორივე ერთად არის ბრწყინვალედ მომუშავე. ასევე დადებითად ვაფასებ ბატონი ამირან გამყრელიძის მუშაობას და ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ მათთან ერთად.
რაც შეეხება კოვიდ-19-ზე რეაგირებას, ცენტრი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ტესტირება დაიწყო. ასევე მოწინავეა სხვა თვალსაზრისითად. ეს ცენტრი ისეთ პროექტებშია ჩართული, როგორიცაა თამბაქოს მოხმარების და ისეთი დაავადებების კონტროლი, როგორიცაა C ჰეპატიტი. ერთ-ერთი მოწინავე ცენტრია. შემდგომ თანამშრომლობებზე შევთანხმდით, პირველი ეს არის ციფრული ჯანდაცვა და მეორე ეს არის გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ მაქვს თანამშრომლობის საშუალება და გარდა ამისა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მხარი დავუჭირო, რომ ჩატარდეს ტრენინგები ევროპაში და მის გარეთ. მხოლოდ ასეთ თანამშრომლობით შევძლებთ, რომ დავამარცხოთ პანდემია“,- განაცხადა ჰანს კლუგემ.