წილოსანმა იმპიჩმენტის დასაწყები პირობა გადათქვა
Batumi Daily
აჭარის ტელევიზიასთან უკვე მე-12 დღეა მოქალაქე ალექსანდრე მილორავა შიმშილობს. ის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს. იმპიჩმენტის დასაწყებად, მრჩეველთა საბჭოს 5-დან 2 წევრის თანხმობაა საჭირო, დირექტორის იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად კი 3 წევრის. ოპოზიციას საბჭოში ორი ხმა აქვს, თუმცა ორი მრჩეველიან ერთი, თამარ წილოსანი, იმპიჩმენტის დაწყებას არ ჩქარობს.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით არჩეულმა წევრმა, გიორგი ქარცივაძემ ჯერ კიდევ წინა კვირას მიმართა საბჭოს. თამარ წილოსანმა, ასევე ოპოზიციური კვოტით არჩეულმა წევრმა (დამოუკიდებელი დეპუტატები/"ევროპული საქართველო") პარასკევს საჯაროდ პირობა დადო, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმართავდა საბჭოს ორშაბათს, თუმცა გუშინ მან ეს გადაწყვეტილება გადათქვა. ის დამატებითი კონსულტაციების გავლას გეგმავს და პროცესის დაწყებას აღარ ჩქარობს. მილორავა კი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებდა მანამ, სანამ არ დადგება დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი.
"თქვენი ნაბიჯებიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი შიმშილობის პარალელურად არ გსურთ იმპიჩმენტის საკითხის დაყენება. ფეისბუქზე 5 ივნისს მკაფიოდ დაწერეთ, რომ ორშაბათს შეიტანდით განცხადებას, მაგრამ გუშინ, შუადღეზე, ალტერნატიულ პროფკავშირებს მოუწოდეთ, ხელწერები შეეგროვებინათ და თქვენთვის მოემართათ თხოვნით, რასაც ისინი გაემიჯნენ. 17:48 საათი იყო მაუწყებელში, რომ მოხვედით და გააკეთეთ სულ სხვა განცხადება, რაზეც ბორდის თავმჯდომარემ გითხრათ, რომ ეს კანონის დარღვევაა და შეუძლებელია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება" - მიმართავს მილორავა წილოსანს.
ასევე, მილორავამ განაცხადა, რომ მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, თუ ამის შემდეგ წილოსანი მიმართავს ბორდს იმპიჩმენტის მოთხოვნით. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რატომ აჭიანურებს ოპოზიციური კვოტოთ არჩეული წევრი პროცესს, რომლის დაწყებაც ჯერ კიდევ წინა კვირას შეეძლო.
ბორდი აჭარის_ტელევიზია კოხრეიძე წილოსანი მილორავა
batumidaily