პუტინმა და მაკრონმა უკრაინის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

Reuters-სი იტყობინება კრემლის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა განიხილეს უსაფრთხოების ვითარება უკრაინაში, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე, განაცხადა კვირას კრემლმა. სატელეფონო საუბრისას, ორი ქვეყნის ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა ამ საკითხზე „არაპოლიტიზებული ურთიერთობისთვის.“ კრემლის განცხადების თანახმად, რომელიც მის ვებსაიტზე ქვეყნდება, ამ ურთიერთობაში ჩართული უნდა იყოს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA). პოტენციური კატასტროფის შესახებ მზარდი საერთაშორისო შეშფოთების ფონზე, მაკრონმა მოუწოდა პუტინს, გაიყვანოს ჯარები და შეიარაღება, რომლებიც განთავსებულია უკრაინის ატომური ელექტროსადგურთან. სატელეფონო საუბრისას 11 სექტემბერს, მაკრონმა ასევე მოუწოდა რუსეთის ლიდერს, შეასრულოს გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რომ მან ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებამდე მიაღწიოს. ამ  სატელეფონო საუბრის დროს, პუტინი ცდილობდა, უკრაინაზე გადაეტანა ბრალი და ამტკიცებდა, რომ ის [უკრაინა] ესროდა ატომურ ელექტროსადგურს, მათი საუბრის შესახებ კრემლის ცნობის თანახმად. თუმცა, მაკრონმა პუტინს უთხრა, რომ ბირთვული კატასტროფის მთავარი საფრთხე იქიდან მომდინარეობს, რომ რუსული ჯარები და შეიარაღება ატომურ ელექტროსადგურთან არის განლაგებული. საფრანგეთის განცხადების თანახმად, მან მოუწოდა რუსეთის ლიდერს გაიყვანოს ატომურ ელექტროსადგურთან განლაგებული ჯარები მძიმე და მსუბუქ შეიარაღებასთან ერთად. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოპერაციები უსაფრთხოების მიზნით „სრულად გაჩერდა“. ამის შესახებ 11 სექტემბერს განაცხადა „ენერჰოატომმა“, უკრაინის სახელმწიფო სააგენტომ, რომელსაც სადგურის მართვა ევალება. სააგენტოს განცხადებით, სადგურის ერთადერთი რეაქტორი, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობდა, დილით გათიშეს ელექტროქსელიდან და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის „ცივ მდგომარეობაში“ გადასაყვანად. 7 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ მოუწოდა ელექტროსადგურის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია დაეტოვებინათ. ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე ბრძოლებმა გააჩინა პოტენციური ატომური კატასტროფის შიში. რუსეთმა უკრაინას ბრალი დასდო სადგურის ძალის გამოყენებით დაბრუნების მცდელობაში. უკრაინა ამ ბრალდებებს უარყოფს და, თავის მხრივ ადანაშაულებს რუსეთს, რომ ის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღებას ათავსებს, იცის რა, რომ უკრაინა მათ ვერ ესვრის. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა, ამავე დროს, უარს აცხადებს ტერიტორიის დემილიტარიზაციაზე. ზაპოროჟიის სადგური ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. ის რუსი სამხედროების ხელშია, მაგრამ მას უკრაინელი სპეციალისტები მართავენ. ახლახან სადგურზე იმყოფებოდნენ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32028665.html

Source: radiotavisupleba.ge