ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად შევეცადეთ, ISFED-ისთვის რეპუტაციული ზიანი აგვერიდებინა

Tbilisi Daily

მაქსიმალურად შევეცადეთ, ISFED-ისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას, - ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საჯაროდ, შეგნებულად არ გამოვთქვით საფუძვლიანი ვარაუდი PVT-ს მანიპულაციასთან დაკავშირებით, რასაც დახურულ შეხვედრებზე ვაფიქსირებდით. თუმცა, სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ჩვენს თავაზიან მიდგომას არასათანადო პასუხი დაუპირისპირა. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი. პირველი - განცხადებაში აღინიშნა, რომ, თითქოს, შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა. მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს - კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: „გამოკვეთილი ტენდენციის სახე hქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“,- ეს არის მათი ციტატა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები. ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3847-დან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.