ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა სახლში დარჩენისკენ

Tbilisi Daily

ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. მისი თქმით, ყველამ მოვახერხეთ, რომ ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი და არ გახდა ციცაბო. გამყრელიძემ ასევე ისაუბრა თუ რა გავლენა იქონია კორონავირუსმა მსოფლიოზე. აღნიშნა, რომ საქართველო სამ თვეზე მეტია, რაც ამ ბრძოლაშია ჩაბმული და იმ გლობალურ გამოწვევას ებრძვის, რასაც COVID-19 ჰქვია. ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში გაჟღერდა, მისი თქმით რეკომენდაციები, პირველ რიგში, მიმართულია, მშობლების, ბებიების და ბაბუების, ასევე, მომავალი თაობის ჯანმრთელობის დასაცავად. „მოგეხსენებათ, 2,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირებული და დაახლოებით 6,8 პროცენტამდე ავიდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გლობალურად. იცით, რომ ძალიან დაზიანებულია ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის წამყვანი დიდი ქვეყნები და თვითონ ჩინეთი, საიდანაც დაიწყო ეპიდაფეთქება მსოფლიოში, დღეს ჩამოვიდა მერვე ადგილზე თავისი გავრცელების მაჩვენებლით. საქართველომ, ჩვენმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ, პროფესიონალებმა – მხედველობაში მყავს ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია მესაზღვრიდან და მებაჟიდან დაწყებული, მძღოლამდე, ვისაც დღეს გადაჰყავს პერსონალი, ყველამ მოვახერხეთ ის, რომ ერთად დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი; ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი და ის არ გახდა ციცაბო. წინა კვირაში გახსოვთ, გვქონდა სამი ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ უმრავლესობამ დაიცავით ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს სახელმწიფო იძლეოდა მოსახლეობის მიმართ და ასევე, ვიძლეოდით ჩვენ, ექიმები, მოვახერხეთ ის, რომ დღეს ისევ ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება ყოველდღიურ 10 ახალ შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. #ამირანგამყრელიძე #კორონავირუსი #პანდემია #tbilisidialy