ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ამიტ შაჰს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ყველას, ვისაც ჩემთან ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი ვურჩევ, რომ თვითიზოლაციაში დარჩეს და ვირუსზე ტესტი ჩაიტაროს“, - აღნიშნა შაჰმა „ტვიტერზე“.
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 54,736 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1,7 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 582 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 37,364-ს აღწევს. ამასთან, 1,145,600-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.