Რატომ შეაჩერა ჩინეთმა ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა?

Tbilisi Daily

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, ჩინეთმა დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა. „მუტირებული ვირუსის ბუნებისა და მისი შესაძლო გავლენის გათვალისწინებით, ჩინეთმა გადაწყვიტა, ფრენები შეაჩეროს დიდი ბრიტანეთის მიმართულებით. ჩინეთი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებასა და სიტუაციიდან გამომდინარე, ცვლილებებს შეიტანს მაკონტროლებელ ზომებში“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, 50-მდე ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა. 14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.