გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ ლევან გელაშვილსა და შალვა მარგველაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს გამოყენების თაობაზე.
შალვა მარგველაშვილი იუსტიციის სამინისტროს მერვე პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორია, ხოლო ლევან გელაშვილი სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი. ისინი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
გამოძიების თანახმად, მათ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ციხის მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. ამ მუხლით ჯარიმა, შინაპატიმრობა ან 3 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელს, გიორგი რურუას 5-მა პატიმარმა 2 ნოემბერს სცემა. ის ამ დროს ადვოკატთან შესახვედრად იყო გამოსული საკნიდან. პენიტენციური სამსახური განმარტავდა, რომ ცემის გამო რურუას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახის არეში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31007535.html
#ახალი_ამბები
#twitter