აშშ-ის სამთავრობო პირების ცნობით, რუსეთი ინგლისურენოვან საიტებზე დეზინფორმაციას ავრცელებდა

Headline

აშშ-ის განცხადებით, რუსეთი კორონავირუსის პანდემისათან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ინგლისურენოვან ინტერნეტსაიტებზე ავრცელებდა. რუსეთი ამგვარად ცდილობს ამერიკაში არსებული კრიზისი საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. დეზინფორმაციის გავრცელებაში, აშშ-ის სამთავრობო პირების ცნობით, მოსკოვის შეიარაღებული ძალების სამსახურთან დაკავშირებული პირები არიან იდენტიფიცირებულნი. მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში, ერთ-ერთი სამთავრობო პირის ცნობით, საიტებზე გავრცელდა 150-მდე სტატია. სტატიები პანდემიას ეხებოდა და მათი შინაარსი ძირითადად ამერიკის ცილისწამებასა და რუსეთის გამართლებას მოიცავდა. აშშ-ის მთავრობის განცხადებით, რუსეთი ცდილობს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოახდინოს. მათი თქმით, ამერიკას სურს თავიდან აირიდოს 2016 წელს მომხდარი მოვლენები, როდესაც რუსეთმა სოციალური მედია კამპანია წამოიწყო და ამერიკის მოსახლეობის აზრები ერთმანეთს დაუპირისპირა. სამთავრობო პირების თქმით, რუსული დეზინფორმაცია ცრუ ნარატივების გავრცელებასა და დაბნეულობის გამოწვევას ემსახურება. ამის შესახებ აშშ დიდი ხანია საუბრობს, თუმცა ამჯერად მათ კონკრეტული საინფორმაციო სააგენტო დაასახელეს, რომელიც რუსეთშია რეგისტრირებული. მათი თქმით InfoRus სწორედ ამგვარი სახის დეზინფორმაციას ავრცელებს. ისინი პანდემიას საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ, ავრცელებენ ანტიდასავლური შინაარსის მქონე ინფორმაციას. კორონავირუსის გარდა, აქცენტი ასევე კეთდება ამერიკაზე, მსოფლიო პოლიტიკასა და ამ დროისათვის არსებულ მნიშვნელოვან ახალ ამბებზე. აღსანიშნავია, რომ InfoRus-ის ინფლისურენოვან ფეისბუქზე გვერდი აღწერილია, როგორც საინფორმაციო სააგენტო, რომელიც მსოფლიოში არსებულ სიახლეებს რუსეთის მიერ დანახული თვალით ავრცელებს. წყარო: The Guardian სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #Russia #USA #რუსეთი #აშშ