ბათუმში კოვიდინფიცირებული ორსულების საკეისრო კვეთით ორი ჩვილი დაიბადა

Tbilisi Daily

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კოვიდინფიცირებულ ორსულ პაციენტებს მკურნალობენ, საკეისრო კვეთით ორი ახალშობილი დაიბადა. როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა აცხადებს, დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე ბათუმის სამშობიაროში 25 ქალი და 6 ახალშობილია მოთავსებული. „ორ ფეხმძიმე ქალბატონს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. არანაირ გართულებას ადგილი არ ჰქონია. ქალბატონებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ. ერთმანეთისგან იზოლირებულად ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული. ახალშობილებს იმ დღესვე არ უტარდებათ ტესტირება სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთ-ერთი ის არის, რომ უნდა მოწესრიგდეს დოკუმენტაცია. სულ გვყავს კოვიდინფიცირებული 25 პაციენტი. კლინიკაში ამ ეტაპზე ექვსი ახალშობილია. ორს დადასტურებული აქვს ვირუსი. ერთი ახალშობილის პასუხს ველოდებით. ერთ ახალშობილს დღეს აუღებენ ნიმუშებს კვლევისათვის. ხოლო ორს ხვალ ჩაუტარდება ტესტირება. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფიოებელია. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ. დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა კოვიდინფიცირებული პაციენტი და მას საკეისრო კვეთისთვის ვამზადებთ“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ. წყარო: პრაიმტაიმი