თურქეთმა დაიწყო შავ ზღვაში ახალი გაზსადენის მშენებლობა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თურქეთმა დაიწყო შავი ზღვის ფსკერზე 170-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა. მან უნდა უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე საქარიის პროვინციაში, შავ ზღვაში მდებარე საბადოდან.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, 13 ივნისს, მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, დღე-ღამეში მოიპოვებენ დაახლოებით 10 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, რომლის მიღებასაც თურქეთის მომხმარებლები 2023 წლის პირველი კვარტლიდან დაიწყებენ. ერდოანის თანახმად, მოპოვება ეტაპობრივად გაიზრდება და მაქსიმუმს 2026 წლისთვის მიაღწევს. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ეტაპზე გაზის მოპოვებას დღე-ღამეში 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდიან და შესალოა, 50 მილიონამდეც ავიდნენ.
თურქეთის პრეზიდენტმა ილაპარაკა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების უპრეცედენტოდ გაძვირებაზე და მსოფლიო ეკონომიკის ძირითად გამოწვევებად დაასახელა საწვავის საიმედო მიწოდების უზრუნველყოფა და ინფლაციის შეკავება. ერდოანის განცხადებით, გააგრძელებენ ბრძოლას, სანამ თურქეთს არ გადააქცევენ სახელმწიფოდ, რომელსაც სრულად ექნება მოგვარებული უსაფრთხო ენერგომომარაგების პრობლემა. თურქეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ანკარა ენერგეტიკას განიხილავს რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად და არა დაძაბულობის და დაპირისპირების არენად.
თურქეთის მთავრობამ პირველად 2020 წელს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში აღმოაჩინეს საბადო, სადაც სავარაუდოდ, 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31897112.html
Source: radiotavisupleba.ge