შვილი გადაარჩინა, თავის გადარჩენა კი ვეღარ შეძლო
Tbilisi Daily
5-დღიანი ძებნის შემდეგ, კალიფორნიის სამხრეთით მდებარე პირუს ტბაში 33 წლის ამერიკელი მსახიობის ნაია რივერას ცხედარი იპოვეს.
პოპულარული სერიალის Glee-ს მსახიობი 8 ივლისს დაიკარგა, მას შემდეგ, რაც 4 წლის შვილთან ერთად ტბაში ნავით შეცურა. მოგვიანებით, ნავში ბავშვი იპოვეს, როვერას კვალი კი არსად ჩანდა.
ვენტურას პოლიციის შერიფის ბილ აიუბის თქმით, სავარაუდოდ დედა-შვილი წყალში ცურავდა, ახალგაზრდა ქალმა ძალები მოიკრიბა და შვილი ნავზე დააბრუნა, თავად კი წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.
4 წლის ბიჭუნამ მაშველებს უამბო, რომ ის და დედა წყალში საცურაოდ ჩავიდნენ, თუმცა დედა ნავზე აღარ დაბრუნდა. დედა-შვილი პირველად ნავის გამქირავებლებმა მოიკითხეს, რადგან რამდენიმე საათი გავიდა და ქირაობის ვადა ამოიწურა. სწორედ მაშინ იპოვეს ნავზე ჩაძინებული ბავშვი, რომელსაც სამაშველო ჟილეტი ეცვა, მეორე ჟილეტი კი გემბანზე იდო.