USA2GEORGIA დათანხმდა, თანხა დაუბრუნოს მათ, ვისაც მოცულობით დაუანგარიშა ტრანსპორტირების საფასური

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ტვირთების გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA მზადაა ფული დაუბრუნოს იმ კლიენტებს, რომლებსაც აშშ-დან საქართველოში ნივთების ჩამოტანის საფასური არა რეალური წონით, არამედ მოცულობით დაუთვალა. ეს ვალდებულება კომპანიამ კონკურენციის სააგენტოში დაწყებული დავის განხილვის ფარგლებში აიღო. კომპანია ვალდებულია, ყველა იმ კლიენტს, რომელიც მას მიმართავს რეალურ წონასა და მოცულობით წონის საფასურს შორის სხვაობა დაუბრუნოს. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით გამოგზავნილ ამანათებზე.  უფრო ზუსტად იმ ამანათებზე: ოფისში არსებულ ამანათებზე; ვინც გაიტანა და ფასი მოცულობითი წონით გადაიხადა (მათ შორის, ვინც ფასდაკლება მიიღო); ვინც ნივთი 2023 წლის 25 იანვრამდე შეიძინა, თუმცა საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა (გარა იმ ამანათებისა, რომლის მოცულობითი წონა 10 კგ-ს აღემატება და კომპანია ინდივიდუალურად შეუთანხმდა). თანხის დასაბრუნებლად აუცილებელია სპეციალური განაცხადის შევსება. "USA2GEORGIA-მ ვალდებულება აიღო - მომავალში მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის დადებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების (მათ შორის, მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის) შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლებს წინასწარ, ელექტრონული ფოსტისა და ე.წ. პირად ოთახში შეტყობინების გაგზავნის გზით, ინფორმაცია - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს", - წერია კონკურენციის სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში. აქვე სააგენტო აღნიშნავს, რომ ამით USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ დავის განხილვა დასრულებულია. "გვსურს, მივმართოთ USA2GEORGIA-ს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია - შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა. კომპანიის მენეჯმენტი ჰპირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება", - წერია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში. https://www.radiotavisupleba.ge/a/32246147.html

Source: radiotavisupleba.ge