რა შეთახნმება შედგა 8 მარტს?
Tbilisi Daily
პარტია „ქართული ოცნების“ აღასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ფასილიტატორ ელჩებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.
უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიისთვის პრინციპულია, მხარეებმა 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება ზედმიწევნით შეასრულონ.
„ჩვენ ახლა არ ვითვლით მანდატებს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და ესაა ჩვენი მოთხოვნა, რომ თითოეულმა მხარემ ზედმიწევნით შეასრულოს შეთანხმება, რომელსაც 8 მარტს ხელი მოვაწერეთ. ესაა ჩვენი პრინციპული მოთხოვნა და ბუნებრივია ჩვენ ამ მოთხოვნას არ გადავალთ“,- აღნიშნა კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებში ოპოზიციის ხმების მნიშვნელობის შესახებ დასმულ კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, „სენსიტიურ საკითხებს ნამდვილად სვამდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და თითოეულ შემთხვევაში მათ ძალიან მკაფიო და ხისტი პასუხი მიიღეს, რაც მოლაპარაკებების პროცესში არ გაუპროტესებიათ“.
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ელჩებმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა შეთანხმების საგანი პატიმრების გათავისუფლება.
„ჩვენ იძულებულები ვიყავით დღეს დაგვეფიქსირებინა ჩვენი მკაფიო პოზიცია. ბუნებრივია, ვერცერთ შემთხვევაში, ელჩების თანდასწრებით, ვერცერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლო, პროკურატურის და პრეზიდენტის საქმიანობაში. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რასაც ამტკიცებს ოპოზიცია და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ახლა ველოდებით პასუხს, რაში იყო საქმე. ეს არის ჩვენი თხოვნის არსი. ჩვენ გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, მათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რა იყო შეთანხმების შინაარსი. იყო თუ არა შეთანხმების შინაარსი უკანონო ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებში“, - განაცხადა კობახიძემ.