პარლამენტმა 1-ლი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც ცვლილებები შედის მე-10 მოწვევის დეპუტატებისთვის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ მე-10 მოწვევის პარლამენტში იმოქმედებს. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. მეორე მოსმენისთვის უმრავლესობა ცვლილებების დამატებას გეგმავს. ცვლილებები რეგლამენტში "გარდამავალი" სახით შედის. "მოგეხსენებათ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში გვაქვს სიტუაცია, რომ არამხოლოდ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, თვითონ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, როდესაც 9 პოლიტიკური სუბიექტი გახდა პარლამენტის წევრი, აქედან ავტომატურ რეჟიმში ფრაქციის შექმნის საშუალება ჰქონდა მხოლოდ ორს - "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას". დანარჩენ 7 სუბიექტი, რომელიც პარლამენტში მოხვდა, თუ ვერ მოილაპრაკებდა და ფრაქციებს ვერ შეადგენენ, ფაქტობრივად, რჩებოდნენ იმ საპარლამენტო ბერკეტების გარეშე, რაც ფრაქციებს გააჩნიათ და ზოგადად საპარლამენტო ცხოვრებაში სრულყოფილად მუშაობისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიმსჯელეთ და არამხოლოდ ფრაქციებს, არამედ ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფებსაც ჰქონდეთ გარკვეული საშუალება და უფლება, რათა გაცილებით მეტად გამოიყენონ ის საშუალებები, რაც საპარლამენტო ცხოვრებისთვის არის საჭირო", - თქვა კანონპროექტის წარდგენისას "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ეს ცვლილებები დროში ემთხვევა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ბოიკოტსა და მანდატებზე უარის თქმის პროცესში პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით ოთხი დეპუტატის შესვლასა და ზღვარგადალახულ პარტია "მოქალაქეებთან" "ქართული ოცნების" შეხვედრასა და პარლამენტში შესვლაზე საუბარს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31071443.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020