ყოველი დღე დღესასწაული იყო, სანამ ომი დაიწყებოდა - სოხუმელი ქალის მოგონებები
Sokhumi Daily
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. რა ხდებოდა სოხუმში 27 წლის წინ, როგორი იყო ქალაქი ომამდე და შემდეგ, - საკუთარ ისტორიას სოხუმელი ინგა შედანია გვიზიარებს.
„სანაპიროსთან ძალიან ახლოს, გულიას ქუჩისა და მშვიდობის გამზირის გადაკვეთაზე ვცხოვრობდით. დღეს მას ჰქვია შატლანსკაია...არ არსებობდა დღე, რომ სოხუმელი სანაპიროზე არ გასულიყო, არ ესეირნა, კაფეში არ დამჯდარიყო და კარუსელები... ეს არის მთელი ჩემი ბავშვობა. დღეს ჩვენს ბავშვებს ეს ფუფუნება არ აქვთ, ზუგდიდში განსაკუთრებით. სოხუმში ეს შესაძლებლობა იყო, ყოველი დღე იყო დღესასწაული“, - ასეთია 52 წლის ინგა შედანიას მეხსეიერებაში მშობლიური სოხუმი. ის 24 წლის იყო როცა საყვარელი ქალაქი დატოვა და ზუგდიდში გადმობარგდა.
მან ახალ ქალაქში ოჯახი შექმნა, ჰყავს 2 შვილი - ერთი სტუდენტია, მეორე კი დამამთავრებელ კლასშია. მიუხედავად იმისა, რომ 27 წელი გავიდა, თვლის, რომ ზუგდიდის დროებითი მცხოვრებია და სახლი სოხუმში აქვს.
ინგას ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა სოხუმის დაცემამდე და შემდეგ. მისი სიტყვებით, ვერასდროს შეედრება სოხუმის ცხოვრებას ის რაც ახლა აქვს.
აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში დაუფიქრებლად დატოვებს ზუგდიდში, 27 წლის მანძილზე აშენებულს და სოხუმში, თუნდაც ნასახლარზე გეგმავს ახალი ცხოვრების დაწყებას.
ინგას არასდროს ავიწყდება 1992 წლის 14 აგვისტო, როცა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. ამ მოვლენამდე შედანიების ოჯახში 14 აგვისტო მხოლოდ გართობასთან და ახლობლების შეკრებასთან ასოცირდებოდა, რადგან ოჯახის წევრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
„ეს იყო 14 აგვისტო, ჩემი დის დაბადების დღე. ტორტს ვუსმევდი კრემს, როცა მოხდა ეს ალიაქოთი. როცა ქართული ჯარი შემოვიდა სოხუმში, იმავე საღამოს აფხაზმა მოსახლეობამ დატოვა ქალაქი და მარტო ქართველები დავრჩით. ეს იყო 14 აგვისტო…როცა დაბომბვები დაიწყო, ჩვენ ვიმალებოდით ფუნიკულიორთან ახლოს, მამაჩემის მეგობრის სახლში იმიტომ, რომ ბუნკერი ჰქონდა. სოფელშიც ვიმალებოდით ხოლმე... ფაქტიურად ჩვენ ნოემბერში გადმოვედით.
ბოლო მომენტამდე არ გვეგონა, რომ სოხუმს დავტოვებდით. ამას ვერ წარმოვიდგენდით. როცა გადმოვედით მერეც სულ გვეგონა, რომ დავბრუნდებოდით. ეს შეგრძნება, რომ ოდესმე სახლში დავბრუნდები დღესაც მომყვება, თუნდაც ნასახლარი დამხვდეს“, - ამბობს ინგა შედანია.
ზუგდიდში გადმოსულები სოხუმში დაახლოებით ერთ წელიწადში დაბრუნდნენ. ეგონათ კონფლიქტი ამოწურული იყო, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ საქმე ცუდად იყო. მათ საკუთარი სახლის დატოვება მეორედ მოუწიათ.
„როცა შევარდნაძემ გამოაცხადა ვინც სამსახურში არ დაბრუნდება დაკარგავენო, აი მაშინ დავბრუნდ, რადგან მე საბავშვო ბაღში ვმუშაობდი. სამ დღეში გზა ჩაიკეტა.
აი მაშინ ვნახე მე ომი- ქუჩაში გვამები, ის, რომ ზევიდან გვბომბავდნენ. ჩემი სახლის წინ ქუჩა მთლიანად დაიბომბა, მეზობლებიც გარდაიცვალნენ და მე ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე“, - იხსენებს ინგა შედანია.
აფხაზეთის ომი,13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და ქართველებმა მასიურად დატოვეს საკუთარი სახლები.
სოხუმის დაცემის დღეს ახლბლებმა შედანიების ოჯახი აეროპორტთან შენიშნა, სადაც მგზავრებით სავსე თვითმფრინავი ააფეთქეს. ყველას ეგონა, რომ ისინი ამ თვითმფრინავში დაიღუპნენ:
„ჩვენ გამოვედით ბოლო გემით. ანუ ეს გემი იყო კერძო, დაქირავებული, უკრაინის ტანკერი, რომელიც იდგა მაჭარკასთან, მივრბოდით სანაპიროზე და ბომბები ცვიოდა. მიკვირს, როგორ დავრჩით ცოცხალი“, - ყვება ინგა შედანია, რომელიც ამ დღის შემდეგ დევნილის სტატუსით ცხოვრობს.
აფხაზეთის ომის შემდეგ მის მსგავას დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი. ომმა 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.
წყარო: livepress
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ომი
#მოგონებები
#ოკუპაცია
#sokhumidaily