პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის ინფორმაცია არ გვაქვს - ზურაბიშვილის ადმინისტრაცია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლითაც მთავრობამ ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, 6 თვის გასვლის მიუხედავად, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს "ელჩების კონფერენციასთან" დაკავშირებით გავრცელდა, ასევე აღნიშნულია, რომ ეს საკითხი "საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას".
"საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
2022 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ". საქმე 9-წევრიანმა პლენუმმა უნდა განიხილოს.
მოსამართლეთა შემადგენლობა მიიჩნევს, რომ იმ საკითხის გასარკვევად, კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბისვილის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა, საჭიროა უფლებამოსილებათა ფარგლების დადგენა.
ის, რომ საქართველოს მთავრობას უფლებამოსილების გამიჯვნაზე პრეზიდენტთან პრობლემები ჰქონდა, ცნობილი 2022 წლის მარტში გახდა. ამ საკითხზე საუბარი საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დაიწყეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32194089.html
Source: radiotavisupleba.ge