ეპიდემიოლოგები და ისლამოფობია პანდემიის დროს
Batumi Daily
პანდემიის პერიოდში გახშირდა სიძულვილის ენისა და ისლამოფობიის საჯარო ფაქტები. უჩვეულოა, რომ ასეთი განცხადებების დიდი ნაწილი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაჟღერდა. დღეს ასეთი განცხადებების მთავარი სამიზნე მარნეულია, თუმცა ეს აჭარისთვისაც და დანარჩენი საქართველოსთვისაც საყურადღებოა.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განცხადებას აქვეყნებს, სადაც ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებს, თავი შეიკავონ ისლამოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებისგან. განცხადება ასევე უკავშირდება ამირან გამყრელიძის რეპლიკას.
სოფელ მუშევანში ადგილობრივებმა კორონავირუსით დაავადებულების გადაყვანის უფლება ექიმებს არ მისცეს - ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მათ ვერ შეაფასეს ვირუსის რისკი. ისინი ასევე ითხოვდნენ განმეორებით ტესტების გაკეთებას ჯანმრთელი მოსახლეობისთვის, რაც, შეზღუდული სატესტრო რესურსების პირობებში, მიუღებელი რესურსის ხარჯი იქნებოდა.
ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მუშევანში პოლიტიკურ პროცესს ჰქონდა ადგილი და იქ რელიგიურმა ლიდერებმა, კონკრეტულად კი მუსლიმების წინამძღვარმა, გარკვეული როლი ითამაშა. გაურკვეველია, რა წყაროზე დაყრდნობით გააკეთა მან ეს განცხადება. შემდეგ მან განმარტება გააკეთა, რომ თითქოს, იგულისხმა რელიგიური ლიდერების მეტი ჩართულობა ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. შედარებისთვის, საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიასა და მთავრობას შორის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე მას მსგავსი კომენტარები არ გაუჟღერებია. აღსანიშნავია, რომ ასევე წამყვან ეპიდემიოლოგს, პაატა იმნაძეს მიაჩნდა, რომ საქართველოში ქრისტიანების დისკრიმინაცია მიმდინარეობს, როდესაც მათ მოუწოდებნენ, ტაძარში არ წასულიყვნენ ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად. მუსლიმების დიკსრიმინაციაზე კი არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.
ეს არ არის ასეთი რიტორიკის ერთადერთი მაგალითი პანდემიასთან ბრძოლის დროს: ზაზა აბაშიძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფლის მოსახლეობაზე თქვა, რომ "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ" და ფრაზას რუსულ ენაზე გინებაც მიაყოლა. მოგვიანებით, გახდა ცნობილი კიდევ ერთი კომენტარის შესახებ, რომელიც აბაშიძეს ეკუთვნის: "კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და [კომენტარში გინება შეგნებულად გამოვტოვეთ] გინდა აზერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი".
ცენტრალური მთავრობის მხრიდან ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა ისლამოფობიის მგმობი რაიმე განცხადება. თუმცა, მარნეულის მერმა სიძულვილის ენა საჯაროდ დაგმო და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირისგან ასეთი რიტორიკა მიუღებელია, ყველა მოქალაქე კი თანასწორია.
პანდემიის დროს კი რელიგიური უმცირესობების დევნის თემა აჭარისთვისაც, ისევე როგორც მთელი საქართველოსთვის, რელევანტურია. აჭარის სტატისტიკის დეპარტამენთის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის 30% მუსლიმია, რაც დიდი უმცირესობაა. რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა უკვე 5 დღეა, არ დაფიქსირებულა და არც რაიმე შიდა "მუსლიმური" კლასტერი შექმნილა. შესაბამისად, არ არსებობს კავშირი რელიგიურ კუთვნილებასა და ვირუსით დაინფიცირების შესაძლებლობას შორის მანამ, სანამ მასობრივი თავშეყრა არ ხდება. მუსლიმთა თემმა კი რელიგიური რიტუალები ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში გადადო, განსხვავებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისგან.
#ისლამოფობია #დისკრიმინაცია #აჭარა #მარნეული #ისლამი #batumidaily