პანდემიის შედეგად 34,5 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება
Tbilisi Daily
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა მიმდინარე წელს 3,4%-ით დაეცემა, რაც 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე მკვეთრი შემცირებაა. ორგანიზაციის პროგნოზით, აღნიშნულის შედეგად 34,5 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება, რაც ძირითადად აფრიკის კონტინენტს დააზარალებს.
გაერო-ს გათვლებით, კორონავირუსის პანდემია მომავალი ორი წლის მანძილზე გლობალურ ეკონომიკურ წარმოებას 8,5 ტრილიონი დოლარით დააზარალებს, რაც გასული ოთხი წლის მონაპოვარს „თითქმის სრულად აღმოფხვრის“.
ცნობისთვის, კორონავირუსი თავდაპირველად გასული წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა, საიდანაც ის მოგვიანებით მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ინფექციის შეჩერების მიზნით, მსოფლიოს ათობით ქვეყანა და ასობით ქალაქი მკაცრ კარანტინში ჩაიკეტა, რამაც უდიდესი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია.
ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 მილიონს მნიშვნელოვნად აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 300 000-ს უახლოვდება.