Airbus-ი ახალ კოსმოსურ მოდულს აპროექტებს, რომელზეც ხელოვნური გრავიტაცია იქნება

4
საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) არსებობის ბოლო წლებს ითვლის, ამასობაში კი, კომპანიები ერთმანეთს ახალი, ულტრათანამედროვე სადგურის პროექტირებაში ეჯიბრებიან 🛰️
• NASA-მ და პარტნიორებმა აიღეს ვალდებულება, რომ ISS-ი შეინარჩუნონ 2030 წლამდე.
ჩინეთი თავისი კოსმოსური სადგურის (Tiangong) გალიდერებას აპირებს, ხოლო ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაცია (ISRO) საკუთარი კოსმოსური სადგურის განთავსებას ათწლეულის შუა პერიოდში გეგმავს.
NASA-მ ასევე გააფორმა კონტრაქტები სამ კომპანიასთან კომერციული კოსმოსური სადგურების დიზაინის შემუშავებისთვის, მათ შორის Blue Origin-ის Orbital Reef-თან, Axiom Space Station(AxS)-თან და Starlab-თან.
ევროპულმა მრავალეროვნულმა თვითმფრინავებისა და კოსმოსური საფრენი აპარატების მწარმოებელმა გიგანტმა, Airbus-მა რინგზე თავისი ქუდიც შემოაგდო.
გამოქვეყნებულ ვიდეოში (იხილეთ ვიდეო), კომპანიამ აღწერა თავისი მრავალფუნქციური ორბიტალური მოდული სახელწოდებით Airbus LOOP-ი.
ეს მოდულური კოსმოსური სეგმენტი სამი დონისგან შედგება: სამეცნიერო დონე, ცენტრიფუგა და ოთხკაციანი ეკიპაჟისთვის საკმარისი სიდიდის ტერიტორია, რაც შესაფერისს ხდის მომავალი კოსმოსური სადგურისთვის და მარსზე ხანგრძლივი მისიებისთვის.
ცნტრიფუგის დონე კი გრავიტაციის იმიტაციას მოახდენს ერთდროულად ორი ეკიპაჟის წევრისთვის.
Airbus-ის თანახმად, მოდულის სალონის სხვადასხვა დონეებად დაყოფა იძლევა "შიდა თავშესაფრის კონცეფციას", რაც ნიშნავს იმას, რომ ეკიპაჟს შეუძლია გადავიდეს დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას მზეზე აფეთქების ან სხვა საფრთხის შემთხვევაში.
თითოეულ სართულზე მოხვედრა ცენტრალური "გვირაბის" საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელიც გარშემორტყმული იქნება სათბურით.
ეს სათბურები შეიძლება გამოყენებულ იქნას ექსპერიმენტებისთვის და უზრუნველყოს მწვანილის, პარკოსნების და სხვა მცენარეების დამატებითი მუდმივი მარაგი (მსგავსი სათბურები ISS-ზეც არსებობს).
მოდული განკუთვნილია ოთხკაციანი ეკიპაჟისთვის, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მას შეუძლია ერთდროულად რვა ასტრონავტის დატევა, თუმცა დროებით.
სტანდარტულად, საცხოვრებელ დონეს დიდი ფანჯრები ექნება და განთავსებული იქნება სავარჯიშო მოწყობილობებიც.
სამეცნიერო სართული აღჭურვილი იქნება კომპიუტერული სისტემით, ჰერმეტული გასასვლელით, რომელიც ეკიპაჟს საშუალებას მისცემს განახორციელონ გარე სამუშაოები.
აღნიშნულ სართულს ასევე ექნება პატარა ფანჯრები.
რაც შეეხება მოდულის ყველაზე საინტერესო ელემენტს: ცენტრიფუგა შედგება ეკიპაჟის ორი განყოფილებისგან.
თითიოეული განყოფილება სავარჯიშო ველოსიპედით იქნება აღჭურვილი და შეუძლია დაიტიოს ეკიპაჟის მხოლოდ ერთი წევრი, რაც სიმულირებული გრავიტაციის გარემოში ვარჯიშის საშუალებას იძლევა.
როგორც Airbus-ი ამბობს, ეს სამდონიანი დიზაინი აკმაყოფილებს გრძელვადიანი კოსმოსური მოგზაურობის ყველა ძირითად მოთხოვნას და მოდულს თავსებადს ხდის ყველა პილოტირებულ თუ სატვირთო რაკეტასთან, მათ შორის, ამჟამად ექსპლუატაციაში არსებულებთანაც.
მოდულის ISS-სთან შეპირაპირებაც (Docking) შესაძლებელია, რა შემთხვევაშიც იგი იქნება გამოყენებული დამატებით სივრცედ ან თუნდაც „გრავიტაციული თერაპიის“ უზრუნველსაყოფად.
მოდულმა ასევე შეიძლება ითამაშოს მთვარის კარიბჭის როლიც.
Airbus-ი ასევე ხაზს უსვამს, რომ რამდენიმე მოდულის გაერთიანების შემთხვევაში, შეიძლება ერთი კოსმოსური სადგური მივიღოთ.
თითოეული კი იმაზე მეტად აღჭურვილი იქნება, ვიდრე ISS-ია.
"ეარბასი" ჯერ არ ამბობს, თუ რამდენად ძლიერი გრავიტაციის სიმულირებას შეძლებს ცენტრიფუგა, მაგრამ SpinCalc-ისა და SpaceCalc-ის გამოყენებით, ზოგიერთმა გამოთვლებმა გარკვეული ინფორმაციები მოგვცა.
ორივე აპლიკაციის მიხედვით, ცენტრიფუგას უნდა ჰქონდეს კუთხური სიჩქარე 3, 86 მეტრი წამში და მიაღწიოს 9, 2 ბრუნს წუთში, რათა მივიღოთ მარსის გრავიტაციის სიმულაცია - 3, 72 მეტრი წამში.
შესაძლოა, მისი ბრუნვა ჩამოვიდეს 2, 55 მეტრამდე წამში, რაც მოგვცემს წუთში 6 ბრუნს, რათა მივიღოთ მთვარის გრავიტაცია (16, 5 პროცენტი).
ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მარსზე მისიების დროს, რადგან აღნიშნული ხელს შეუწყობს მიკროგრავიტაციის ფიზიოლოგიური ეფექტების შერბილებას და ეკიპაჟის იმასთან ადაპტირებას, რისი განცდაც ზედაპირზე მოუწევთ.
იმედია, მეტი ინფორმაცია მალე იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის, რადიაციისგან დაცვა, მოდულის შემადგენელი მასალები და წონის შეფასებები.
სტატია Uinverse Today-ში გამოქვეყნდა.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
4