ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში საწოლფონდი გაიზარდა
Batumi Daily
გუშინ, 24 ნოემბერს, აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის წევრებმა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს.
"აქტიურად მიმდინარეობს საწოლ-ფონდის გაზრდა. დამატებით 200 თერაპიული და 40 რეანიმაციული საწოლი გამოიყო, ამჟამად კლინიკებში ერთდროულად 1000-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს." - განაცხადეს სხდომაზე.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში 12 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. აგრეთვე, გაიზარდა კოვიდ სასტუმროების რაოდენობა და ამ დროისთვის 9 სასტუმროს შეუძლია კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება, სადაც პაციენტები სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობით მკურნალობას გადიან. ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, მობილიზებულია 2000-ზე მეტი სასტუმრო ნომერი.
"კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში გაიზარდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ჩართულობა.
ვირუსის შემთხვევათა ზრდის შესამცირებლად, საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციაში, მიმდინარეობს მსჯელობა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით." - წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში