ქუთაისში კორონავირუსისგან 88 წლის კაცი და 72 წლის ქალი განიკურნენ

Tbilisi Daily

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსი ხანდაზმულმა პაციენტებმა დაამარცხეს. კორონავირუსისგან ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 88 წლის კაცი განიკურნა. ასევე გამოჯანმრთელდა 72 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რომელიც ქუთაისის მცხოვრებია. კოვიდცენტრი გამოჯანმრთელებულმა დატოვა ორსულმაც, რომელიც 20 დღის წინ, ბათუმიდან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. პაციენტმა კლინიკაში იმშობიარა და გამოჯანმრთელებული ახალშობილთან ერთად ბინაზე გაეწერა. „ამ ეტაპზე კლინიკაში 70 კოვიდდადებითი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. 90-მდე პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები“, - აცხადებს კლინიკა „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი. გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა (230) აჭარაში გამოვლინდა, თბილისში - 134. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 553 ადამიანი, 66 პაციენტი კი გარდაიცვალა.