თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი ძალიან კარგადაა
Tbilisi Daily
თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი მარკ მიდოუსი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, თავს ძალიან კარგად გრძნობს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მისი ინფორმაციით, დონალდ ტრამპს სუნთქვის გართულება არ აღენიშნება და ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდება ჯერჯერობით საჭირო არაა.
„პრეზიდენტი ძალიან კარგადაა. ის დოკუმენტების გადახედვასაც ითხოვს. ექიმები ძალიან კმაყოფილნი არიან მისი სასიცოცხლო ნიშნებით. დღეს მას მრავალჯერ შევხვდი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“ - აცხადებს ის.
მიუხედავად ამისა, ცალკეული მედიასაშუალებები, წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ შემდეგი 48 საათი დონალდ ტრამპის სამომავლო მდგომარეობისთვის გადამწყვეტი იქნება.
2 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კოვიდინფექცია დაუდგინდა ტრამპის მრჩეველსაც. პრევენციის მიზნით, კოვიდინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. აშშ-ის პრეზიდენტი „რემდესივირით“ მკურნალობს.