რატომ გააუქმა 5 თვის წინ მიღებული დადგენილება ბათუმის საკრებულომ?

Tbilisi Daily

თებერვალში დამტკიცებული დადგენილება, რომელიც ბათუმში გარევაჭრობის საფასურის გაზრდას ითვალისწინებდა, 5 თვის შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდა. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მერიის ინიციატივით განიხილა და მხარი დაუჭირა. 5 თვის წინ ბათუმის მერი დადგენილების აუცილებლობაზე საუბრობდა. ლაშა კომახიძე განმარტავდა, რომ დაბალი გადასახადი ხშირად ტროტუარების დიდი მასშტაბით ათვისების მიზეზი იყო, რაც ქალაქში პრობლემებს ქმნიდა. კომერციული ობიექტები, ძირითადად რესტორნები, ტროტუარებს გარევაჭრობის მიზნით ითვისებდნენ, მიუხედავად იმისა, სჭირდებოდათ ეს თუ არა. გაზრდილ გადასახადს კი შესაძლოა ტროტუარების ზომიერად ათვისება მოჰყოლოდა. ამჯერად, შიდა ტურიზმის წახალისებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ღია სივრცეების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა – გარევაჭრობის გადასახადს არც ძველი ტარიფით აღარ გადაიხდიან: მერია იჯარის წესის შესაბამისად, სარგებლობის წლიურ საფასურზე შეუთანხმდება კომერციული ობიექტების მესაკუთრეებს.