ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს კორონავირუსი დაუდგინდა
Tbilisi Daily
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს კორონავირუსი დაუდგინდა. ის მკურნალობას საკუთარ კლინიკაში გადის. მისი თქმით, ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. გია კიკაბიძის განცხადებით, ის კვლავ აგრძელებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მოვლასა და მკურნალობას, - ინფორმაციას „TV პირველი“ ავრცელებს.
„თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ. რაიმე განსაკუთრებული ჩივილები არ მაქვს. ჩემს კლინიკაში მოვთავსდი და ვმკურნალობ. როდესაც კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დადის, შემოვლებს აკეთებს, პაციენტებს ნახულობს, მგონი, არაა ცუდი. ისინიც ინფიცირებულნი არიან და ჩემგან არანაირი საფრთხე არ არსებობს“ - აცხადებს გია კიკაბიძე.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 481 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 913ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.