ბალტიის ზღვაში მიმდინარეობს ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბალტიის ზღვაში დაიწყო ნატოს ფართომასშტაბიანი სამხედრო-საზღვაო სწავლება, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. წვრთნებში მონაწილეობს 45 გემი, 75 თვითმფრინავი და 7 ათასზე მეტი სამხედრო ნატოს წევრი 14 სახელმწიფოდან და ფინეთიდან და შვედეთიდან, რომლებმაც მაისში წარადგინეს ალიანსში შესვლის ოფიციალური განაცხადები. ნატოს თანახმად, წვრთნები არ არის პასუხი რომელიმე კონკრეტულ საფრთხეზე, თუმცა, მსოფლიოში დღეს არსებული არასტაბილური სიტუაციის გამო, ალიანსი სარგებლობს შესაძლებლობთ, შეამოწმოს საკუთარი ძალები და თავდაცვისუნარიანობა განიმტკიცოს. სამხედრო სწავლება 17 ივნისს დასრულდება. ბალტიის ზღვაში წვრთნების დაწყებამდე, შვედეთში იმყოფებოდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი. მისი განცხადებით, აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრებისთვის მნიშვნელოვანია შვედეთისა და ფინეთისადმი სოლიდარობის დემონსტრირება და ამისთვის, კარგი შესაძლებლობაა ერთობლივი წვრთნების ჩატარება. ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტეს და ოფიციალური განაცხადები 18 მაისს წარადგინეს. მათ მიღებას მხარი უნდა დაუჭიროს ალიანსის 30-ივე სახელმწიფომ. ამ დრომდე უარყოფითი პოზიცია აქვს თურქეთს, რომელიც მოითხოვს, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ ანკარის მიერ ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფებების მხარდაჭერა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31885004.html

Source: radiotavisupleba.ge