პარლამენტი მთავრობას 24 დეკემბერს დაამტკიცებს
Tbilisi Daily
საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 24 დეკემბერს განიხილავენ და მთავრობის ფორმირება სწორედ ამ დღეს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება.
კენჭისყრამდე სამი დღით ადრე, 21 დეკემბერს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, რომელიც ორი დღე გაგრძელდება. 23 დეკემბერს იგეგმება შეხვედრა ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“.
21 დეკემბერს, უწყებათა ხელმძღვანელების მოსმენები 4 შინაარსობრივ ბლოკად გაიმართება: განხილვების პირველი ბლოკი იქნება ეკონომიკური ბლოკი, სადაც კომიტეტების ეკონომიკური ბლოკი მოუსმენს სამთავრობო შემადგენლობას. ამავე დღეს, მთავრობის შემადგენლობას საგარეო და უსაფრთხოების ბლოკი მოუსმენს. მომდევნო დღეს გაიმართება შეხვედრა სოციალური ბლოკის კომიტეტებთან და 22 დეკემბერსვე, ადამიანის უფლებათა ბლოკი შეხვდება მინისტრობის კანდიდატებს.
აღნიშნული გრაფიკით, 23 დეკემბერს, პარლამენტი შეძლებს, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ფრაქციის ფორმატში შეხვდეს, 24 დეკემბერს კი, საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილი იქნება, ნდობა გამოუცხადოს მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტს.
ამასთან, რეგლამენტის მიხედვით გაიმართება ბიუროს სხდომებიც. მომდევნო ბიუროს სხდომა 21 დეკემბერს შედგება, მეორე კი 24 დეკემბერს, პლენარული სხდომის დაწყებამდე.
პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ დღეს წარედგინა.